ლიტერატურული პრემია "ლიტერა" ამ დროისთვის, 9 მონაწილემ პროტესტის ნიშნად დატოვა. ბოიკოტის ძირითადი მიზეზი კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი და ჟიურის შემადგენლობაა. კერძოდ, ჟიურის მე-5 წევრი, იოსებ ჭუმბურიძე, რომელიც კულტურის სამინისტრომ დანიშნა.
ლიტერატურული პრემია "ლიტერას" 6 ნომინაციაში საკონკურსოდ 110 წიგნი იყო წარმოდგენილი.
მწერალი გიორგი შონია ერთ-ერთი უკანასკნელია, რომელმაც მისი წიგნი "რობოტების ყვავილები" კონკურსიდან მოხსნა:
"რთული გადაწყვეტილებაა, რადგან ძალიან ცოტა ლიტერატურული პრემია გვაქვს საქართველოში და მწერლისთვის თითოეული მათგანი მნიშვნელოვანია. თან "ლიტერასადმი" განსაკუთრებული ემოციები მაკავშირებს - პირველი ლიტერატურული პრემია იყო, რომელიც მივიღე. თუმცა "რობოტების ყვავილები" სწორედ ძალაუფლების ცენტრების წინააღმდეგ მიმართული წიგნია და აი, ვერანაირად ჩაჯდება ამ კონტექსტში. დღევანდელი მდგომარეობა იმდენად საგანგაშოა, იმდენად ვუახლოვდებით ბელარუსს, რომ თითოეული ჩვენგანი ისე უნდა დაუპირისპირდეს ამ ბოროტებას, როგორც შეუძლია. ყველა ბერკეტი გამოსაყენებელია!"
კონკურსიდან გავიდა ჟურნალისტი რატი მუჯირიც. იგი აცხადებს, რომ "ზემოდან" დანიშნულ ჟიურის წევრს ვერ აიტანს.
"თეა, მიკროფონი დააბრუნე! რა თქმა უნდა, თავისუფალი საქართველოს თავისუფალი მოქალქე "ზემოდან" დანიშნულ ჟიურის არ ავიტან. გრძელი სიიდან "მ@ილები ავღანეთზე" გამაქვს. თეა, მიკროფონი დააბრუნე!"
კონკურსი ასევე დატოვა ჟურნალისტმა დავით ქაშიაშვილმა და მიზეზად ჟიური დაასახელა.
4 შერჩეული ერთიც "თეას" დანიშნული ჟიური! - მიზეზი რის გამოც ვხსნი ჩემს წიგნს "ლიტერადან". ეს არაა თავისუფლება, ეს ძალიან საშიში პრეცედენტია.
დებიუტანტი მონაწილე, პოეტი ელენე კვირკველია მისი პროტესტის მიზეზად, ასევე მინისტრ წულუკიანს მიუთითებს და წერს, რომ "სასაცილოა მისი ტრიუკი":
"ჩემი სადებიუტო კრებული "წყვეტა" მოხსნილია ლიტერატურული პრემია "ლიტერადან". თეა წულუკიანის მიზნები დიდი ხანია გაცხადებულია, დღეს უბრალოდ ნათელი მოჰფინა ყოველივეს. არავის არაფერს არ მოვუწოდებ, უბრალოდ, სასაცილოა წულუკიანის ტრიუკი, პასუხმაც არ უნდა დააყოვნოს. მინისტრები, ყოფილი მინისტრები ხდებიან, დროის ამბავია".
მანამდე, მწერალმა ჯაბა ზარქუამ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც კონკურსის ჟიურიში მინისტრმა წულუკიანმა საკუთარი წარმომადგენელი დანიშნა – სიაში საკუთარ ადგილს ვეღარ ხედავს:
"აქამდე თავს ვიკავებდი ლიტერატურულ კონკურს “ლიტერას” ბოიკოტირებისგან, რადგან მინისტრისადმი ჩემი უკიდურესად ნეგატიური განწყობის მიუხედავად ასეთი კონკურსის არსებობის ფორმა მომწონდა per se. თუმცა მას შემდეგ რაც ქალბატონმა მინისტრმა ჟიურიში დასვა თავისი წარმომადგენელი ძველ, კეთილ საბჭოთა სტილში და ამით ცხადი გახადა პრემიის ლაურეატებით მისი პირადი დაინტერესება, როგორც თავისი საქმის მცოდნე აგიტპროპებს ეკადრებათ, კონკურსს შინაარსისგან დაცლილად მივიჩნევ და გრძელ სიაში ჩემი წიგნის ადგილს ვეღარ ვხედავ! პ.ს. ჟიურის შეუძლია ეს სტატუსი კონკურსიდან მოხსნის შესახებ ჩემს საჯარო განაცხადად მიიღოს", - წერს ის.
კონკურსს ტოვებს მწერალი ეკა ქევანიშვილიც, მიზეზი ერთი "ზემოდან" დანიშნული ჟიურის წევრია.
"ბოდიში. ასე არ გამოვა. 4 შერჩეული, მააგრამ ერთი "ზემოდან" დანიშნული ჟიურის წევრი. ძალიან უსიამოვნოა და საშიში. ბოლომდე ვიკავე თავი რამდენიმე არგუმენტით. "ლიტერას" გულშემატკივრობით. მაგრამ არა. მეც ვხსნი კონკურსიდან ჩემს წიგნს", - წერს ის.
ლიტერატურულ პრემია "ლიტერას" კიდევ ერთი კონკურსანტი, პოეტი ირაკლი კაკაბაძეც ტოვებს. მისი განცხადებით, პროტესტი უნდა გამოხატოს ყველამ, ვინც ფიქრობს, რომ "აღარ უნდა დავბრუნდეთ უკან, საბჭოთა წარსულში".
"რადგან ჯერ არ იყო გამოქვეყნებული მოკლე სია, თავს ვიკავებდი ამ გადაწყვეტილების მიღებისაგან, მაგრამ დღეს მეც ვუერთდები ჩემს ძვირფას კოლეგებს, ვინც პროტესტის ნიშნად მოხსნა საკუთარი წიგნები პრემიიდან და მოვუწოდებ ყველა მწერალს, ვისთვისაც ძვირფასია ამ ქვეყნის მომავალი, ქართული კულტურა და მწერლობა, ვინც თვლის, რომ არასოდეს აღარ უნდა დავბრუნდეთ უკან საბჭოთა წარსულში, გამოხატეთ თქვენი პოზიცია და ხმა აღიმაღლეთ ამ უმსგავსობის წინააღმდეგ", - წერს პოეტი.
"ლიტერას" პრემიის კონკურსს თეა წულუკიანის გამო კონკურსანტი, დიზაინერი ნატალია ავალიანი გამოეთიშა. ფეისბუქის გვერდზე ის წერს, რომ უარს ამბობს კულტურის სამინისტროს პატრონაჟით ორგანიზებულ ნებისმიერ კონკურსში მონაწილეობაზე.
"მეც არ შემიძლია უარი არ ვთქვა კულტურის სამინისტროს პატრონაჟით ორგანიზებულ ნებისმიერ კონკურსში მონაწილეობაზე, სანამ ამ უწყების მინისტრი არის სრულიად უკულტურო ადამიანი და ძალადობის წამქეზებელი რეჟიმის ერთ-ერთი საყრდენი პერსონაჟი. ეს არის ჩემი ინივიდუალური პროტესტი ამ სამარცხვინო ჩინოსნის და არანაირად კონკურსი "ლიტერას" მიმართ, რომლის 2017 წლის ამაყი გამარჯვებულიც თვითონ ვარ. გულით ვუსურვებ წარმატებებს კონკურსის სხვა ნომინანტებსა და "მწერალთა სახლს" და სრულიად საქართველოს", - წერს ის.
მანამდე, საკუთარი წიგნი მივიწყებულნი მწერალმა მათე სარალიშვილმაც მოხსნა კონკურსიდან. სარალიშვილი ფეისბუქზე წერს, რომ "მის წიგნს ვერ უღალატებს".
"მივიწყებულნი 19 წლისამ დავწერე და 21 წლისამ გამოვეცი. წერის დროს დაგროვილი და გამოხატული ტკივილი ზუსტად ამ პროექტის მაორგანიზებელი ორგანოს, მსგავსი მიდგომის მქონე უკულტურო და ახალგაზრდების წინააღმდეგ მოქმედი პირების ბრალია. ჩემს წიგნს ვერ ვუღალატებ. ამაზე ფიქრისას ტორესას პოსტი შემომხვდა. ტორესამ სწორი ნაბიჯი გადადგა. ვინც ბოლო დროის ქაოსს, უკულტურობას და უსამართლობას გულწრფელად განიცდის, "კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს" სახელით ჩატარებულ კონკურსში მონაწილეობას არ და ალბათ ვერ მიიღებს", - აღნიშნავს სარალიშვილი.
"ლიტერა" პირველმა დატოვა მწერალმა ტორესა მოსიმ. მან საკუთარი წიგნი, "ორდროშობანა" კონკურსიდან მოხსნა. მისი განცხადებით, იგი კულტურის სამინისტროს დაფინანსებულ ნებისმიერ პროექტში მონაწილეობაზე უარს აცხადებს:
"გრძელ სიაში ჩემი ორდროშობანაცაა, თუმცა როგორც უკვე განვაცხადე უარს ვამბობ კულტურის სამინისტროს დაფინანსებულ ნებისმიერ პროექტში მონაწილეობაზე. უკვე ველაპარაკე ჩემ გამომცემელს და შესაბამისად, ორდროშობანა მოიხსნება ლიტერადან. წულუკიანს არ ვიკადრებ მე. სანამ ეგ ქალია კულტურის მინისტრი სრულ ბოიკოტში ვიქნები მაგ უწყებასთან", - წერს ის.
წელს პირველად "ლიტერას" ჟიურის წევრებიდან 4 მწერალთა სახლმა დანიშნა, ერთი კი კულტურის სამინისტრომ. იგი ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძეზეა, რომელიც წარსულში გაზეთ "თბილისის" რედაქტორი იყო.
მწერალთა სახლის ცნობით, ჟიურის შემადგენლობა ასეთია:
- ბელა წიფურია – ლიტერატურათმცოდნე
- რეზო თაბუკაშვილი – მწერალი
- ლელა კოდალაშვილი – მწერალი, კრიტიკოსი
- ოქტაი ქაზუმოვი – ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი
- იოსებ ჭუმბურიძე – პუბლიცისტი
პრემია "ლიტერა" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა 2015 წელს დააარსეს და მას შემდეგ ყოველწლიურად გაიცემა.