იოსებ ჭუმბურიძე პრემია "ლიტერას" კონკურსში ჟიურის წევრად თეა წულუკიანის უწყებამ, კულტურის სამინისტრომ დანიშნა, რაც გახდა კიდეც ერთერთი მიზეზი, რის გამოც კონკურსი კონკურსანტთა ნაწილმა და ჟიურის სხვა წევრებმა დატოვეს.
იოსებ ჭუმბურიძე ხელისუფლების მიმართ ლოიალობით, კრიტიკულ მედიაზე სიტყვიერი თავდასხმებით, ჰომოფობიით გამორჩეული პერსონაა. სხვადასხვა დროს მას მმართველი პარტიის, ქართული ოცნებისა და მისი ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ არაერთი მხარდამჭერი განცხადება გაუკეთებია. საჯარო განცხადებებში ის თავს ესხმის ოპოზიციას, კრიტიკულ მედიას, ავრცელებს შავრაზმული და პრორუსული პლატფორმების მასალას.
"ერს, რომელსაც ასეთი ოპოზიცია ჰყავს და ასეთი ოპოზიციური სატელევიზიო არხები აქვს, ისევ ივანიშვილი თუ გაამარჯვებინებს", - წერდა ის ივნისში თავის ფეისბუქგვერდზე.
კვირასთან ინტერვიუში ჭუმბურიძე, ასევე ბიძინა ივანიშვილს აქებს და ამბობს რომ მისი ღვაწლის შეფასებაც კი უჭირს:
"ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ისტორიაში ორგვარი ღვაწლით შევა: უდიდეს ქველმოქმედად და ლიდერად, რომელმაც ქვეყანას ერთ – ერთი ყველაზე სასტიკი და საშიში, მოძალადე და მჩაგვრელი რეჟიმი მოაშორა. "მჩაგვრელი" – ეს სიტყვა ამ დღეებში თვითონ ბიძინა ივანიშვილმა გამოიყენა. რომ მოვისმინე, ტანში გამცრა, მაგრამ მაშინვე მივხვდი, რომ იმ რეჟიმს ზუსტად მიესადაგებოდა".
იგი, ასევე პოზიტიური კომენტარებით აზიარებს კულტურის სამინისტრის პრესსამსახურის რელიზებს.
ამასთან, ერთ-ერთ პოსტში აღწერს ტვ იმედზე თეა წულუკიანის სტუმრობას გადაცემაში "ნოესთან". მისი თქმით, ინტერვიუს დროს, "ნოე სულაბერიძე "კითხვას კითხვაში აჯენდა", თეა წულუკიანი - "ტყვიას ტყვიაში".
"პოლიტიკოსებს იმდენი წვლილი არ მიუძღვით საქართველოს დაქცევაში, რამდენიც ჟურნალისტებს", - ასე იწყება იოსებ ჭუმბურიძის ერთ-ერთი ფეისბუქპოსტი, რომელიც მან თებერვალში გამოაქვეყნა.
ტექსტში ის კრიტიკული მედიის ჟურნალისტებსა და ტელეწამყვანებს ესხმის თავს და მათ შეურაცხმყოფელად მოიხსენიებს.
ასევე, ერთერთი პოსტში იგი წერს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს ოპოზიციონერ გია ბარამიძესთან ინტერვიუს დროს "შემოლაწუნება სჭირდებოდა", რადგან "კი არ ესაუბრებოდა, არამედ ასაუბრებდა".
6 ივნისის ფეისბუქპოსტით იოსებ ჭუმბურიძე პრორუსული მედიის "ალტ-ინფოს" ვიდეოს აზიარებს, სადაც ნაჩვენებია ნინოწმინდის პანსიონის აღზრდილების ინტერვიუები. იგი ვიდეოს შინაარსიდან გამომდინარე, პანსიონატს აქებს, მედიას ლანძღავს, სახალხო დამცველზე კი წერს:
"ლომჯარიას დავუჯეროთ და ამათ არ დავუჯეროთ?!"
ასევე, იოსებ ჭუმბურიძემ 5 ივლისს, იმ დღეს, როდესაც "ღირსების მარშის" მოწინააღმდეგე მოძალადე, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ჟურნალისტებს სცემეს, გააზიარა ლევან ვასაძის პარტიის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო 2018 წლის მსოფლიო საოჯახო კონგრესიდან.
ვიდეოში ჩანს, რომ ამერიკელი სასულიერო პირი თავის ჰომოფობიური შინაარსის გამოსვლაში აუდიტორიას ლგბტ რევოლუციის წინააღმდეგ გაძლიერებისკენ მოუწოდებს.
"ლიტერას" პრემია 2015 წლიდან არსებობს. წელს ცნობილი გახდა, რომ ლიტერატურული პრემია ჟიურის 5 წევრიდან 4 წევრი მწერალთა სახლმა შეარჩია, ხოლო ერთი კულტურის სამინისტრომ.
ლიტერატურული პრემია ლიტერა ჟიურის 4-მა წევრმა და ასევე კონკურსანტების ნაწილმა პროტესტის ნიშნად ერთმანეთის მიყოლებით დატოვეს. ჟიურიში მხოლოდ სამინისტროს მიერ დანიშნული წარმომადგენელი, იოსებ ჭუმბურიძე დარჩა.
კონკურსანტების განცხადებით, ისინი უარს ამბობენ კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ნებისმიერ ღონისძიებაში მონაწილეობაზე.
29 ივლისს, ლიტერას კონკურსანტებმა კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს მიმართეს, რომ სამინისტროს მიერ დანიშნული წევრი გაიწვიონ.