logo
ENG



ნონიაშვილი: სუს-ის ჩანაწერები მიუთითებს, რამდენად გარყვნილია სისტემა

02 აგვ 202113:02
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი ნონიაშვილი ამბობს, რომ სუს-ის ჩანაწერები, რომლებიც პოლიტიკოსების და სხვა საჯარო პირების ფარული მიყურადების და თვალთვალის ბიძინა ივანიშვილისთვის მომზადებული ანგარიშებია, სისტემის გარყვნილებაზე მიუთითებს. 

"სამწუხაროდ, ადამიანებს აღარ აკვირვებთ ხოლმე ფარული ჩანაწერებიც. მაგრამ ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რამდენად გარყვნილია ძალოვანი სისტემა და რამდენად გარყვნილია ხელისუფლება. სწორედ ამიტომაც არის საჭირო ცვლილებები, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, რომ ეს ხელისუფლება გამოიცვალოს და ხელისუფლება შეიცვალოს ცივილიზებული, კოალიციური მთავრობით და ადგილობრივი ხელისუფლებით, რომელიც არასდროს გაბედავს მიყურადებას, უკანონო ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებას და ა.შ". - თქვა ნონიაშვილმა

***

1-ლ აგვისტოს მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბიძინა ივანიშვილისთვის საჯარო პირების მიყურადების გზით მათზე ანგარიშებს ამზადებდა.

ძირითადად საუბარია პირადი ცხოვრების დეტალებზე.

გვარამიამ ეთერში წაიკითხა დოკუმენტი, რომელიც, მისი თქმით, სუს-ის მომზადებულია.

მასში მოთხობილია პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, სასულიერო და საზოგადოებრივად აქტიური პირების პირადი ცხოვრების დეტალები. გვარამიას თქმით, ჩანაწერებში ათობით საუბარია მოყვანილი და ასახავს ეს პირები ვის, როდის და რა ვითარებაში შეხვდნენ. ჩანაწერებს შორისაა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შორის საუბარიც.

ერთ-ერთი საუბარი დაადასტურა GDI-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი მშვენიერაძემ. გვარამიას თქმით, დოკუმენტში წერია, რომ 2020 წლის 15 ივნისს საუბარი შედგა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანსა და EMC-ის წარმომადგენელს, გურამ იმნაძეს შორის, საუბარი შეეხო EMC-ის დირექტორის, თამთა მიქელაძის სუს-ში გამოკითხვაზე დაბარებას, ამის შემდეგ ონიანი GDI-ის მაშინდელ დირექტორს, გიორგი მშვენიერაძეს ესაუბრა.

გარდა ამისა, TI-ს დირექტორმა, ეკა გიგაურმა Facebook-ზე დაპოსტა, რომ ჩანაწერებში NGO-ების წარმომადგენლები თამთა მიქელაძის სუს-ში დაბარების საკითხზე საერთო განცხადების გავრცელებაზე საუბრობდნენ.

გვარამია კონკრეტულ ადამიანებზე გაკეთებული ჩანაწერების შინაარს დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში კითხულობდა და ზოგიერთ პირს, იდენტიფიცირების თავიდან ასარიდებლად, ინიციალებით მოიხსენიებდა. 

მისი თქმით, ამ უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის ბრძანებებს სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, სუს-ის მოადგილე ლევან ახობაძე და სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ე.წ. ოტოს დირექტორი კობა კობაძე გასცემდნენ.

ფორმულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უთხრეს, რომ ამაზე "რა თქმა უნდა, კომენტარის გაკეთება არ იგეგმება".


close დახურვა