logo
ENG



ცესკოს თავმჯდომარედ ექვსი თვით გიორგი კალანდარიშვილი აირჩიეს

02 აგვ 202113:53
3 წუთის საკითხავი
 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი ექვსი თვით აირჩიეს. ეს ნიშნავს, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სწორედ კალანდარიშვილი უხელმძღვანელებს.

მის კანდიდატურას მხარს არ უჭერდა არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია. NGO-ების აზრით, გიორგი კალანდარიშვილს არ ექნება საზოგადოების ნდობა. 

პარლამენტმა გიორგი კალანდარიშვილისა და გიორგი სანტურიანის კანდიდატურას კენჭი რამდენიმე წუთის წინ უყარა - თანამდებობაზე კალანდარიშვილის დანიშვნას 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

საკანონმდებლო ორგანომ კალანდარიშვილის კანდიდატურას უკვე მეოთხედ უყარა კენჭი. 

გიორგი კალანდარიშვილმა ხუთწლიანი ვადით ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დასანიშნად საჭირო ხმები ვერ მოაგროვა, სწორედ ამიტომ ეყარა დღეს ექვსი თვით დანიშვნას კენჭი.

ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე კონკურსის გამოცხადება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 30 ივნისს თამარ ჟვანიამ თანამდებობა დატოვა. მან Facebook-ზე დაწერა, რომ თანამდებობაზე ყოფნა კიდევ ორ წელზე მეტი ხნით შეეძლო, თუმცა, მიაჩნია, რომ შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა. ჟვანიამ თქვა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახალი წესით არჩევა ფართო პოლიტიკური თანხმობისთვის დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება.

თამარ ჟვანიას გადადგომას ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ითხოვდა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა, გაყალბებაში მონაწილეობა კი თავად ჟვანიამ მიიღო.

გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს იურისტი იყო. 2020 წლის არჩევნების წინ კი HR-დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა. 

 


close დახურვა