logo
ENG



13 წელი და 13 მილიონი - ბოლქვაძის დეპუტატობისას მისი ახლობლების მიღებული თანხა შესყიდვებიდან

04 აგვ 202117:24
3 წუთის საკითხავი
 
13 წელი და 13 მილიონი - ბოლქვაძის დეპუტატობისას მისი ახლობლების მიღებული თანხა შესყიდვებიდან

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, დეპუტატობის 13 წელის განმავლობაში ანზრო ბოლქვაძის ოჯახმა და ახლობლებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 13 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს. 

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, ანზორ ბოლქვაძის პოლიტიკურ გააქტიურებასთან ერთად, 2008 წლიდან მისი ოჯახის წევრებმა, ნათესავებმა და ახლობლებმა თანდათან დაიწყეს კომპანიების დაფუძნება, რომელთა შემოსავალი მეტწილად სახელმწიფო შესყიდვების ხარჯზე იზრდებოდა. ეს კომპანიები სახელმწიფო შესყიდვებს იღებენ აჭარის მთავრობის საქვეუწყებო ორგანიზაციის - გზების დეპარტამენტისა და ანზორ ბოლქვაძის მაჟორიტარულ ოლქში შემავალი მუნიციპალიტეტებისგან.

ამასთან, TI-ში ამბობენ, რომ საგზაო დეპარტამენტის სატენდერო კომისიაში მონაწილეობს ანზორ ბოლქვაძის შვილი, როლანდ ბოლქვაძე და ორგანიზაციის მიერ შესწავლილ არცერთ ოქმში ის არ აფიქსირებს ინტერესთა კონფლიქტს, როცა ხელშეკრულება მისი ნათესავის ან ოჯახის ახლობლის კომპანიასთან უნდა გაფორმდეს. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მოსაზრებით, აჭარის მუნიციპალიტეტების (ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო) მაჟორიტარი დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის, მისი ოჯახის წევრების და ახლო წრის წარმომადგენელთა ბიზნესსაქმიანობა არაერთ კითხვას აჩენს კორუფციის რისკებთან, ნეპოტიზმთან და დეპუტატის მანდატის არაკეთილსინდისიერ გამოყენებასთან დაკავშირებით.

"ანზორ ბოლქვაძისა და მისი ახლობლების ეკონომიკური საქმიანობა/ინტერესები ნათლად აჩვენებს ქვეყანაში მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემის ნაკლოვანებებს. სხვადასხვა მაჟორიტარი დეპუტატი საკუთარ საარჩევნო ოლქში სარგებლობს დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენით, რომლის წყალობითაც ისინი საჯარო სამსახურებში ასაქმებენ ახლობლებს და უპირატეს მდგომარეობაში აყენებენ მათთან დაკავშირებულ კომპანიებს", - აცხადებენ ორგანიზაციაში.


close დახურვა