თბილსერვისის ჯგუფის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, ირაკლი ბაღდავაძე ამბობს, რომ მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა, რაც გახდა გაფიცვის მიზეზი. გადაცემა კომენტარის ეთერში, ბაღდავაძე ყვება, რომ დღეს სამუშაო გაფიცულებს არ გაუახლებიათ და სამუშაოდ მენეჯერები და დაქირავებული მუშები წაიყვანეს.
"რკინანარევი ძირი აქვს "ბათინკს", რომელიც თვალით არავის უნახავს მათი დარუგებული და ჩვენი "ბათინკები" იყიდება სამგორში, ელიავაზე... ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? დღეში ერთი წყვილი ხელთათმანი მეკუთვნის, ორ თვეში ერთხელ, თვე-ნახევარში ერთხელ მოგვიგდებენ ხოლმე. დანარჩენი მიდის ელიავაზე, მუშა ხალხში გასაყიდად... მანქანაში ზეთს, ჩემს სიმაღლე ბაკი აქვს, იმაში ორ "ვედრა" ზეთს ძლივს მასხმევინებენ, ნეტა დანარჩენი ზეთი სად მიაქვთ? ჯოხით მასინჯინებენ ზეთს, რომელ საუკუნეში ვართ. 9-სიჩქარიან მანქანას ორი სიჩქარე აქვს. ხან "ზადნი" უფუჭდება, ხან ტროსი წყდება, ხან "ტორმუზი" ასხამს. ასეთ მანქანაზე ვარ უკან ჩამოკიდებული და დავდივარ. და ხელფასის მომატება რომ მოვინდომეთ ხალხმა, თურმე კალაძე ყოფილა უკმაყოფილო, ჩვენი მუშაობით", - აცხადებს ბაღდავაძე.
მისივე თქმით, გაფიცულები ღამით ადგილზე რჩებიან და პროტესტს აგრძელებენ.
დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ტექნიკის გამართავს, შესაბამისი უნიფორმით უზრუნველყოფასა და ხელფასის მომატებას მოითხოვენ.
თბილისის მერიაში კი აცხადებენ, რომ მოთხოვნების ნაწილზე მუშაობა უკვე დაწყებულია. მერის მოადგილე, ირაკლი ხმალაძემ გაფიცვას "უკანონოც" უწოდა და განაცხადა, რომ ამას შესაბამისი რეაგირება მოყვება.