logo
ENG



ღარიბაშვილი: რა აზრი აქვს სამართლებრივ სახელმწიფოს, კანონს, თუ ის არ აღსრულდება?

11 აგვ 202115:43
3 წუთის საკითხავი
 
ღარიბაშვილი: რა აზრი აქვს სამართლებრივ სახელმწიფოს, კანონს, თუ ის არ აღსრულდება?

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ პრემიერმინისტრად მისი დანიშვნის შემდეგ ერთ-ერთი გამოწვევა კანონის აღსრულება იყო. 

ის ნიკა მელიას დაკავების საკითხს გულისხმობს. ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრად პარლამენტმა 22 თებერვალს დაამტკიცა, 23 თებერვალს კი ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის ოფისში სპეცოპერაციის გზით აიყვანეს. 

"როცა მე დავინიშნე პრემიერ-მინისტრად, ერთ- ერთი მთავარი გამოწვევა კანონის აღსრულება იყო, ადამიანები ბჭობდნენ, კანონი აღვასრულოთ თუ არ აღვასრულოთო, მე ვეკითხები, რა აზრი აქვს მაშინ ან სამართლებრივ სახელმწიფოს, ან კანონს, ან კონსტიტუციას. ამ ვითარებაში, ასეთ მოცემულობაში როცა ადამიანი, მოქალაქე უყურებს, რომ ვიღაც არის პრივილეგირებული, მასზე არ სრულდება კანონი და სხვა ყველაზე უნდა აღსრულდეს კანონი, იქ დაინგრა, აღარ არსებობს სახელმწიფო. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ ყველა ემორჩილებოდეს კანონს და იყოს სტაბილურობა. ჩვენ მაშინ ძალიან მყისიერად აღვადგინეთ ის წონასწორობა, რომელიც დარღვეული იყო და ყველას მივუჩინეთ სათანადო ადგილიც და სიტყვაც და პასუხიც გავეცით. ასე იქნება ყოველთვის". - თქვა ღარიბაშვილმა. 

ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია 2021 წლის 23 თებერვალს დააკავეს. მის დასაკავებლად პოლიციამ ენმ-ის ოფისი შტურმით აიღო. დახურულ სივრცეში გამოიყენეს წიწაკის გაზი. სასამართლომ, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მისი აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით მისი გადაუიხდელობის გამო შეცვალა. მელიამ გირაოს გადახდაზე უარი თქვა, ვინაიდან მის მიმართ წარდგენილი ბრალი თავიდანვე უკანონოდ მიიჩნია. 

ენმ-ის დეპუტატს გამოძიება 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებოდა.

გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. როგორც თქვა, გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე მას და გუნდის დანარჩენ წევრებს განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ. გახარიას თქმით, კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, მისთვის მიუღებელია. 

22 მარტს კი გახარია მედიასთან გამოჩნდა და პოლიტიკაში დარჩენის შესახებ განაცხადა. 29 მაისს მან საზოგადოებას პარტია "საქართველოსთვის" საზოგადოებას წარუდგინა. 


close დახურვა