ქაბული ოთხივე მხრიდან ალყაშია - თალიბანი ავღანეთის დედაქალაქში შედის.
ავღანეთის პარლამენტის წევრი, ფრაზანა კოჩაი ამბობს, რომ ხალხი სასოწარკვეთილია. ისინი დედაქალაქის დატოვებას ცდილობენ.
"თუმცა, მათ არსად წასვლა არ შეუძლიათ. წასასვლელი არ დარჩა". - ამბობს ის.
მისივე თქმით, ფრენებზე ადგილები შევსებულია.
ავღანეთიდან მოქალაქეები ინდოეთში ან სხვა მეზობელ ქვეყნებში მიდიან.
კოჩაი ამბობს, რომ იმ ქალაქებსა და სოფლებში, რომლებიც თალიბებმა უკვე დაიკავეს, ქალები ვერ დადიან სამსახურებსა თუ სკოლებში.
"ქალებისთვის მდგომარეობა ისეთივე საშინელია, როგორსაც ვვარაუდობდით. ქალები დაამწყვდიეს საკუთარ სახლებში". - ამბობს დეპუტატი.
2021 წლის 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შესახებ განაცხადა. პირველ მაისს ოფიციალურმა ვაშინგტონმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. ამერიკელი ჯარისკაცები ქვეყანას სრულად 31 აგვისტოს დატოვებენ.
ამერიკული ჯარების გასვლის პარალელურად კი ტერორისტულმა დაჯგუფებამ ავღანეთის დიდი ნაწილი დაიკავა. თალიბანი აკონტროლებს 34-დან 24 პროვინციას.
ცენტრალური მთავრობა ჯერჯერობით მხოლოდ ერთადერთ ქალაქს, ჯალალაბადს აკონტროლებს. თუმცა, არსებობს ინფორმაცია, რომ ავღანურმა არმიამ ეს ქალაქი თალიბებს უბრძოლველად ჩააბარა.