logo
ENG



თბილსერვისის თანამშრომელი, ირაკლი ბაღდავაძე უფროსისგან უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს

21 აგვ 202113:04
3 წუთის საკითხავი
 

თბილსერვისის თანამშრომელი, ირაკლი ბაღდავაძე უფროსისგან უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს. 

ის დღეს თბილსერვის ჯგუფის სათაო ოფისში დაიბარეს. ბაღდავაძე ამბობს, რომ მან უშუალო უფროსს, დავით გელოვანს უსაფრთხოების გარანტია მოსთხოვა, თუმცა, გელოვანისგან ის ვერ მიიღო.  

საქმე, როგორც ბაღდავაძე ყვება, რომ მის მიერ ადმინისტრაციისგან 2 თვის წინ მოთხოვნილ შვებულებას ეხება. 

თუმცა, გუშინ, 20 აგვისტოს უთხრეს, რომ შვებულებით ვერ ისარგებლებდა. 

"შვებულება მოვითხოვე, მესიჯებიც მაქვს. ვწერ, რომ არ გამომიყენებია შვებულება, რომელიც 2 თვის წინ მეკუთვნოდა და მინდა, რომ გამოვიყენო. ჯერ მითხრეს, დაკმაყოფილდაო, მერე არ დაკმაყოფილდეს შენი შვებულებაო". - ამბობს ირაკლი ბაღდავაძე. 

ფორმულა დავით გელოვანსაც დაუკავშირდა. კითხვაზე, რასთან დაკავშირებით არის ბაღდავაძე დაბარებული თბილსერვისის ოფისში, გელოვანმა თქვა: 

"მაგას, რომ მოვა, იქ გაიგებს და შემდეგ გეტყვით. მან მითხრა, რომ შეუძლია ადვოკატთან და სახალხო დამცველთან ერთად მოვიდეს, ეს მისი უფლებაა და შეუძლია, მოვიდეს მათთან ერთად".

კითხვა, შეჰპირდა თუ არა ბაღდავაძეს უსაფრთხოებას, გელოვანმა უპასუხოდ დატოვა. 

თბილსერვისის თანამშრომლები 2 დღის განმავლობაში - 6 და 7 აგვისტოს გაფიცულები იყვნენ. 

გაციფულები ამბობდნენ, რომ მათ ხელფასის სახით 1250 ლარი უნდა აეღოთ, თუმცა, 700 ლარი ერიცხებათ. 

ასევე, ზაფხულში აცვიათ ზამთრის უნიფორმები, რაც მათ მდგომარეობას გაუსაძლისს ხდის. 

დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების თქმით, მოძველებულია ტექნიკა და მანქანები, რაც მათ სიცოცხლის საფრთხეს უქმნის. 

ასევე, მოითხოვეს შვებულებით სარგებლობის უფლება და ჯანმრთელობის უფასო დაზღვევა. 

იმ შემთხვევაში, თუ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების სამუშაო პირობები 21 დღეში არ გაუმჯობესდება, ისინი კვლავ გაფიცვას აანონსებენ. 

მერია ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ტექნიკა ახალშეძენილია, ხელფასები კი მომატებულია და საკითხი იანვრიდან ისევ გადაიხედება. უნიფორმებთან დაკავშირებით კი კალაძემ თქვა, რომ ყოველწლიურად ახალი რიგდება, თუმცა, წელს ტენდერის გამოცხადებისას გარკვეული პრობლემები წარმოიშვა, რაც, მისი თქმით, უკვე მოგვარებულია.

ამასთან, კახა კალაძემ თბილისერვისის ზოგიერთ გაფიცულ თანამშრომელს "კრიმინალიც" უწოდა. 


close დახურვა