logo
ENG



ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები დღესვე გათავისუფლდებიან, მათ 6 თვე მიუსაჯეს

25 აგვ 202110:23
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები საპატიმროს დღესვე დატოვებენ. განაჩენი მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. სამივე მათგანს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდა, ეს ვადა კი დღეს 25 აგვისტოს იწურება.

ერთ-ერთი ბრალდებული სულიკო საყევარიშვილი მოსამართლემ 126-ე [ძალადობის] მუხლით უდანაშაულოდ სცნო და დისკრიმინაციული მოტივით, ვახო სანაიასთვის ფიზიკური ძალადობისთვის შეუფარდა 6 თვე და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა;

ვაჟა გიგაური, რომელიც ვახო სანაიას თქმით, კონფლიქტის ინიციატორია და მას სახეში ურტყამდა, მოსამართლემ დამნაშავედ სცნო ორივე მუხლით და მიუსაჯა 6-თვიანი პატიმრობა და 2500-ლარიანი ჯარიმა;

მესამე ბრალდებულს, გიორგი სახელაშვილს, ასევე 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდა, ისიც ორივე მუხლით სცნო მოსამართლემ დამნაშავედ. 

ცნობისთვის, ვახო სანაიასა და მის ოჯახს თავს 25 თებერვალს, გამთენიისას დაესხნენ. როგორც ტელეწამყვანი ყვება, თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. სანაიამ თავდასხმის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, დაშავდა მისი რძალიც. დაზარალებულად 26 თებერვალს ცნეს.

შსს-მ ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 ადამიანი - ვაჟა გიგაური, გიორგი სახელაშვილი და სულიკო საყევარაშვილი დააკავა. მათ ბრალად პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარა ედებათ. სამივე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.


close დახურვა