logo
ENG



NGO-ები: ვახო სანაიას საქმეზე მართლმსაჯულება სათანადოდ არ აღსრულებულა

25 აგვ 202115:12
3 წუთის საკითხავი
clock 1361

არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ვახო სანაიას საქმეზე მართლმსაჯულება სათანადოდ არ აღსრულებულა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ჟურნალისტსა და მის ოჯახის წევრებზე თავდასხმაზე სასამართლოს რბილი დამოკიდებულება კრიტიკული მედიის მიმართ აგრესიის გაზრდის კიდევ ერთ საფრთხეს წარმოადგენს.

​NGO-ებს მიაჩნიათ, რომ ვახო სანაიას საქმეზე სასამართლომ რისკები სათანადოდ არ შეაფასა.

"სამწუხაროა, რომ მწვავე საჭიროების მიუხედავად, ხელისუფლებას არ გადაუდგამს სათანადო ნაბიჯები მედიაგარემოს გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო არ იცავს მედიის წარმომადგენელთა სიცოცხლეს და უსაფრთხოებას. მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები პოლიტიკური ოპონირების რეჟიმში იმყოფებიან კრიტიკულ მედიასთან. ისინი სიძულვილის ენით, აგრესიით და ბოიკოტით პასუხობენ ჟურნალისტების შეკითხვებს და ახალისებენ მედიაზე მორიგ თავდასხმებს.

2021 წლის 5 ივლისიდან, მას შემდეგ რაც თბილისში ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე მასშტაბური თავდასხმა მოხდა, მედიის წარმომადგენლების სიცოცხლე და ჯანმრთელობა განსაკუთრებული რისკის ქვეშ დადგა. ეს გარემოება კიდევ უფრო ზრდის სასამართლოს პასუხისმგებლობას სათანადოდ შეისწავლოს ჟურნალისტების დაშინების თითოეული მცდელობა და გადაწყვეტილება მიიღოს პოლიტიკური მოტივების გარეშე. სამწუხაროა, რომ ვახო სანაიას საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ რისკები სათანადოდ არ შეაფასა.

მიგვაჩნია, რომ მოსამართლის ზეპირი მითითება, რომლითაც თითქოსდა კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, მხოლოდ დაზარალებული ჟურნალისტის ადვოკატს შეეზღუდა სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა, წარმოადგენს ადვოკატის პროფესიულ საქმიანობაში დაუსაბუთებელ ჩარევას. ეს შემთხვევა არის საშიში მცდელობა ჟურნალისტები დარჩნენ სამართლებრივი დახმარების გარეშე, უფლებადამცველებს კი აღარ ჰქონდეთ შესაძლებლობა სათანადო მხარდაჭერა აღმოუჩინონ მედიას", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

  • მედიაკლუბი
  • მედიის განვითარების ფონდი
  • მედიის უფლებები
  • რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
  • სატელევიზიო ქსელი
  • სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - GYLA
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI
  • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია - GRMA
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • უფლებები საქართველო
  • ღია საზოგადოების ფონდი OSGF

ფორმულას ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულებმა საპატიმრო დღეს დატოვეს. სამივე მათგანს შეეფარდა 6-თვიანი პატიმრობა, ეს ვადა კი დღეს 25 აგვისტოს ამოიწურა.

სულიკო საყევარიშვილი მოსამართლემ 126-ე [ძალადობის] მუხლით უდანაშაულოდ სცნო და დისკრიმინაციული მოტივით ვახო სანაიასთვის ფიზიკური ძალადობისთვის შეუფარდა 6 თვე და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა;

ვაჟა გიგაური დამნაშავედ სცნო მოსამართლემ და ასევე, მიუსაჯა 6-თვიანი პატიმრობა და 2500 ლარი ჯარიმა, გიორგი სახელაშვილს კი ასევე 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

განაჩენი მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა დღეს გამოაცხადა. 

ცნობისთვის, ვახო სანაიასა და მის ოჯახს თავს 25 თებერვალს, გამთენიისას დაესხნენ. როგორც ტელეწამყვანი ყვება, თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. სანაიამ თავდასხმის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, დაშავდა მისი რძალიც. დაზარალებულად 26 თებერვალს ცნეს.


close დახურვა