logo
ENG



მიშელის კაბინეტის მოწვევით, ევროკავშირის ოფისში საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრა გაიმართება

26 აგვ 202114:16
3 წუთის საკითხავი
 

ევროკავშირის წარმომადგენლობაში ოპოზიცია შეხვედრას გამართავს. როგორც პარლამენტის დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ თქვა, შეხვედრა ვიდეოქოლით შედგება და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის კაბინეტის ინიციატივით იმართება. 

"ოპოზიციასთან იქნება დისკუსია და, რა თქმა უნდა, ეს შეეხება მიმდინარე პროცესებს ქვეყანაში, წინასაარჩევნო პერიოდს და იმ ვალდებულებებს, რომელსაც ხელი მოეწერა ძალიან მძიმე ექვსთვიანია მოლაპარაკებების შემდეგ და რისი ანულირებაც ცალმხრივად გამოაცხადა უპასუხისმგებლოდ ქართულმა ოცნებამ", - თქვა სამნიძემ ფორმულასთან.

ფრაქცია ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, შეხვედრს უხელმძღვანელებს მიშელის კაბინეტის უფროსი და მასში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ოფიციალური პირები:

"მიშელის დოკუმენტი არის სტრატეგიული მომავლის დოკუმენტი ჩვენი ქვეყნისთვის და ყველას კარგად ესმის, რომ მის შესრულება დგას საქართველოს მომავალი, მათ შორის ევროატლანტიკურ სივრცეში. დღევანდელი შეხვედრა არის ძალიან მნიშვნელოვანი, როცა ბრიუსელი მსჯელობს გამოხმაურებაზე და იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, რომელიც უნდა მიიღოს ქართული ოცნების მიერ გადადგმული ნაბიჯის საპასუხოდ". 

23 აგვისტოს კიევში, ყირიმის პლატფორმის სამიტის დროს შარლ მიშელი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს არაფორმალურ გარემოში შეხვდა. 

შეხვედრის შემდეგ შარლ მიშელმა ტვიტერზე დაწერა, რომ ღარიბაშვილთან ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის ვადასა და შეთანხმებების შესრულების მნიშვნელობაზე ილაპარაკა.


close დახურვა