logo
ENG



ტრანსგენდერი ქალის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

27 აგვ 202119:59
3 წუთის საკითხავი
clock 1052
ტრანსგენდერი ქალის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული. მას ბრალად ედება გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება.

შსს-ს ცნობითვე, ბრალდებულმა თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომობილით გადაადგილებისას, ქვეითად მყოფ ტრანსგენდერ ქალს გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, პნევმატური იარაღიდან გასროლით ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიაყენა და მიიმალა.

ტრანსგენდერ ქალს დღეს, 27 აგვისტოს დაესხნენ თავს. როგორც დაჭრილი ქალის მეგობარი ფორმულასთან ყვება, სროლა უცნობმა პირმა მანქანიდან დაიწყო.

"გამოვასეირნე ძაღლი და იქ დავდექი გოგოებთან. ქალი გადმოდიოდა გზის მეორე მხარეს, ამ დროს გაიარა ვერცხლისფერმა ჯიპმა, რომლიდანაც ატეხეს სროლა და სესილის მიაყენეს მსუბუქი ჭრილობა. საფანტი ტყვია ისროლეს, სავარაუდოდ, რადგან ერთი გასროლა იყო და ტყვია დაიშალა და ეს "ასკოლკები" მოხვდა რამდენიმე ადგილზე, სახის, ზურგის და ფეხის არეში", - ყვება თვითმხილველი.

გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყო.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა