სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, 1 ჰექტარზე 3000-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ ის მევენახეები, ვისაც კახეთში სტიქიამ ყურძნის მოსავალი სრულად გაუნადგურა.
ლევან დავითაშვილის განმარტებით, გაიხსნა პუნქტებიც, სადაც მევენახეები ყურძნის ჩაბარებას შეძლებენ.
„დასეტყვილი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. რამდენიმე ლოკაციაზე გახსნილია პუნქტები, სადაც მევენახეები დაზიანებულ 1 კგ რქაწითელს 80 თეთრად და 1კგ საფერავს 1 ლარად ჩააბარებენ. ეს არის მაქსიმალური კონპენსანცია, რასაც ჩვენი ფერმერები მიიღებენ. იმ მევენახეებს, რომელთაც სრულად გაუნადგურდათ ყურძნის მოსავალი, ერთჯერადი კონპენსაციის სახით, სახელმწიფო 3000 ლარს გადაუხდის, რათა მოხდეს ვენახების აღდგენა და ყურძნის წარმოება", - განაცხადა დავითაშვილმა.
ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რამდენიმე სოფელში მევენახეებს ყურძნის მოსავალი გაუნადგურა. სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიამ 4600 ჰექტარი ვენახი დააზიანა.