ავღანეთში, ქაბულის აეროპორტთან კიდევ ერთი აფეთქება მოხდა. მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რაკეტა საცხოვრებელ სახლს დაეცა.
დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.
26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტთან მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 170 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 13 ამერიკელი სამხედრო იყო. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთმა დანაყოფმა, ISIS-K-მა აიღო. 28 აგვისტოს აშშ-მა განაცხადა, რომ საპასუხოდ მათზე დრონებით საჰაერო იერიში მიიტანეს.
აშშ-ს ცენტრალური სარდლობის სპიკერის, კაპიტან ბულ ურბანის თქმით, პირველადი მონაცემებით, ნანგარჰარის პროვინციაში იერიშის შედეგად, სამიზნე ლიკვიდირებულია. მისივე განცხადებით, დაღუპული სამოქალაქო პირების შესახებ ინფორმაცია არაა.
ISIS-K, იგივე ისლამური სახელმწიფო ხორასანის პროვინცია ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემისტული დაჯგუფებაა, რომელიც ავღანეთში იმყოფება.