logo
ENG



ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლება "თავს შეიკავებს" EU-ს €75-მილიონიანი დახმარების მიღებაზე

31 აგვ 202110:30
3 წუთის საკითხავი
clock 2934
ქართული ოცნება

ევროკავშირის გაფრთხილებაზე ფინანსური დახმარების შესახებ ქართულმა ოცნებამ ახალი მესიჯბოქსი მოიფიქრა.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება "თავს იკავებს" ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე.

ღარიბაშვილის თქმით, EU ამ თანხას საქართველოს სესხის სახით აძლევდა, მთავრობამ კი "საგარეო ვალის შემცირება დაიწყო და თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება". 

რეფორმების გატარების გარეშე დახმარების დაკარგვის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა კი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ 23 აგვისტოს, ტვიტერზე დაპოსტა.

"ჩვენ მადლიერი ვართ ევროკავშირის ყველა იმ დახმარებისთვის, რასაც ისინი აკეთებენ ჩვენთვის. ჩვენ ან მიმართულებით გავაგრძელებთ წინსვლას. მეორე მხრივ, ამ საკითხმა შეიძინა ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა და ამიტომ, ნებისმიერი ინსინუაციების თავიდან არიდების მიზნით, მთავრობა არ გამორიცხავს და ეს კი არა, ჩვენ გადაწყვეტილიც გვაქვს, რომ თავი შევიკავოთ ამ მეორე ნაწილის სესხის სახით აღებაზე. მთავარი მოტივი არის ის, რომ ჩვენ ეტაპობრივად დავიწყოთ საგარეო ვალის შემცირება", - თქვა ღარიბაშვილმა. 

გუშინ, 30 აგვისტოს ამ თემაზე ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც ისაუბრა. მან თქვა, რომ ევროკავშირის მიერ დახმარების სახით 75 მილიონი ევროს მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, ვინაიდან საქართველოს ბიუჯეტში, "მაღალი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, ისედაც გროვდება დამატებით 1 მილიარდი ლარი". 

ევროკავშირის მიერ, კორონავირუსით გამოწვეული პრობლემების დაძლევის მიზნით, დახმარების სახით გამოყოფილი 150 მილიონი ევროს ნახევარი საქართველომ 2020 წლის ნოემბერში უკვე მიიღო, მეორე ნაწილის გადმორიცხვა კი 2021 წლის ბოლოს უნდა მოხდეს. 

23 აგვისტოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი უკრაინაში ირაკლი ღარიბაშვილს არაფორმალურ გარემოში შეხვდა და როგორც მეორე დღეს თავად დაწერა, მან ღარიბაშვილი ევროკავშირის მხრიდან ფინანსური დახმარების საკიტხზე გააფრთხილა.  

"მაკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება. დროა, საქართველომ აჩვენოს თავისი ერთგულება შეთანხმებების მიმართ, განსაკუთრებით, რეფორმებთან დაკავშირებით".- თქვა შარლ მიშელმა


close დახურვა