logo
ENG



თურნავა ევროკავშირის 75 მლნ-ზე: საუბარია არა დახმარებაზე, არამედ საგარეო ვალის გაზრდაზე

31 აგვ 202113:32
3 წუთის საკითხავი
clock 685

ევროკავშირის მხრიდან ფინანსურ დახმარებაზე საუბრისას ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ ეს საგარეო ვალია, რომელიც ქვეყანამ აღარ უნდა გაზარდოს. მისივე თქმით, ეკონომიკურმა საკითხმა პოლიტიკური დატვირთვა მიიღო.

"დღეს ჩვენ ვსაუბრობდით რამდენად მაღალია ჩვენი ეკონომიკური ზრდა და ტემპი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა ეკონომიკამ ერთი მილიარდი ლარი დამატებით გამოიმუშავა. ჩვენ გვაქვს შიდა რესურსი, რომელიც შეგვიძლია ბევრ პროგრამასა და საქმეს მოვახმაროთ. საგარეო ვალი, რომელიც ისედაც საკმაოდ გაგვეზარდა პანდემიის გამო, აღარ უნდა გავზარდოთ. აქ ხომ საუბარია არა დახმარებაზე, არამედ საგარეო ვალის გაზრდაზე. ეს არის სესხი", - ამბობს თურნავა.

ევროკავშირის გაფრთხილებაზე ფინანსური დახმარების შესახებ ქართულმა ოცნებამ ახალი მესიჯბოქსი მოიფიქრა.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება "თავს იკავებს" ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე. ღარიბაშვილის თქმით, EU ამ თანხას საქართველოს სესხის სახით აძლევდა, მთავრობამ კი "საგარეო ვალის შემცირება დაიწყო და თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება". 

რეფორმების გატარების გარეშე დახმარების დაკარგვის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა კი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ 23 აგვისტოს, ტვიტერზე დაპოსტა.

30 აგვისტოს ამ თემაზე ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც ისაუბრა. მან თქვა, რომ ევროკავშირის მიერ დახმარების სახით 75 მილიონი ევროს მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, ვინაიდან საქართველოს ბიუჯეტში, "მაღალი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, ისედაც გროვდება დამატებით 1 მილიარდი ლარი". 

ევროკავშირის მიერ, კორონავირუსით გამოწვეული პრობლემების დაძლევის მიზნით, დახმარების სახით გამოყოფილი 150 მილიონი ევროს ნახევარი საქართველომ 2020 წლის ნოემბერში უკვე მიიღო, მეორე ნაწილის გადმორიცხვა კი 2021 წლის ბოლოს უნდა მოხდეს. 

23 აგვისტოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი უკრაინაში ირაკლი ღარიბაშვილს არაფორმალურ გარემოში შეხვდა და როგორც მეორე დღეს თავად დაწერა, მან ღარიბაშვილი ევროკავშირის მხრიდან ფინანსური დახმარების საკითხზე გააფრთხილა.  

"მაკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება. დროა, საქართველომ აჩვენოს თავისი ერთგულება შეთანხმებების მიმართ, განსაკუთრებით, რეფორმებთან დაკავშირებით".- თქვა შარლ მიშელმა

ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ ქართულმა ოცნებამ უარი თქვა რეფორმებსა და დახმარებაზე და ამით კიდევ ერთხელ აქცია ზურგი ევროკავშირს. 

მოძრაობა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ევროკავშირი გვაძლევს გრძელვადიან, შეღავათიან სესხს. მისივე თქმით, ღარიბაშვილის განცხადებებით სესხის არმიღებასთან დაკავშირებით, მოქალაქეებს მოაკლდებათ ამ ფულით მიღებული სიკეთე და ყველა პოტენციური დახმარება.

გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ეს ტრანში ფინანსური თვალსაზრისით დიდს არაფერ ნიშნავს, მაგრამ ევროკავშირის მხრიდან ამ ტრანშის მოცემაზე უარის თქმა მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი იქნება.


close დახურვა