logo
ENG



EU: საქართველომ ვერ შეძლო, საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა

31 აგვ 202118:47
3 წუთის საკითხავი
clock 3036
EU: საქართველომ ვერ შეძლო, საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ეხმაურება ხელისუფლების განცხადებას, უარი თქვას მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილის მიღებაზე და აღნიშნავს, რომ საქართველომ ვერ შეძლო ამ დახმარების პირობა სრულად შეესრულებინა. კერძოდ, ევროკავშირი საუბრობს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდაზე. ამის შესახებ ევროკავშირის საელჩოს ოფისში ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, ჟულიენ კრამპმა ბრიფინგი გამართა.  

იგი აღნიშნავს, რომ ფინანსური დახმარება კორონავირუსთან ბრძოლასა და საქართველოს მოსახლეობას უნდა მოხმარებოდა. ამასთან, ევროკავშირი ხელისუფლებას რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს და მიუთითებს მართლმსაჯულების რეფორმისკენ.

ფორმულა მათი განცხადების სრულ ტექსტს გთავაზობთ:

"150 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება, რომლის ნახევარი გადმორიცხულია, მიზნად ისახავდა მოსახლეობის დახმარებას პანდემიასთან გამკლავებაში. ეს თანხები საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობას უნდა მოხმარებოდა. 

ევროკავშირი ითვალისწინებს საქართველოს დასაბუთებას გადაწყვეტილებაზე, რომ არ მოითხოვოს დახმარების დარჩენილი ნაწილი. ავღნიშნავთ, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა, კერძოდ გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი. 

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა წარიმართა საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე, რაც საჭირო იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან სრული შესაბამისობისთვის

შერჩევის პროცესში არ იყო თანაბარი პირობები კანდიდატებისთვის, ასევე არ იყო მიღებული კიდევ რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც მიზნად ისახავდა სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის გაზრდას.

მაკროფინანსური დახმარების პირობები, ასევე იმ ვალდებულებებს შორის იყო, რომელიც საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა 2020 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით შეთანხმებული დოკუმენტით აიღეს.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები, მათ შორის მართლმსაჯულების სფეროში საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად და ევროკავშირი-საქართველოს სამომავლო ურთიერთობებისთვის. ევროკავშირი გააგრძელებს სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას.

ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ის კვლავ სრულად მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე".

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 31 აგვისტოს თქვა, რომ ხელისუფლება "თავს შეიკავებს" ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე.

ეს ევროკავშირის გაფრთხილებაზე ფინანსური დახმარების შესახებ ქართული ოცნების მიერ მოფიქრებული ახალი მესიჯბოქსია.

ღარიბაშვილის თქმით, EU ამ თანხას საქართველოს სესხის სახით აძლევდა, მთავრობამ კი "საგარეო ვალის შემცირება დაიწყო და თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება". 

გუშინ, 30 აგვისტოს ამ თემაზე ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც ისაუბრა. მან თქვა, რომ ევროკავშირის მიერ დახმარების სახით 75 მილიონი ევროს მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, ვინაიდან საქართველოს ბიუჯეტში, "მაღალი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, ისედაც გროვდება დამატებით 1 მილიარდი ლარი". 


close დახურვა