logo
ENG

ბეჟაშვილის თქმით, ენმ-ის პარტიულ სიაში მყოფ პირებზე დევნა ხორციელდება

06 სექ 202112:42
3 წუთის საკითხავი
clock 311

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებზე ზეწოლა გააძლიერა.

ბეჟაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ორ კონკრეტულ შემთხვევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი უხეშად არღვევს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წესებს.

"არჩევნების თარიღი ახლოვდება და ქართულმა ოცნებამ გააძლიერა ზეწოლა საარჩევნო ადმინისტრაციაზე და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებზე. პირველი არის სენაკის საარჩევნო ოლქი, სადაც ოცნებას წარდგენილი ჰყავდა გია წურწუმია და ბეჟან სანაია შესაბამის საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარ კანდიდატებად. მას შემდეგ რაც დამთავრდა რეგისტრაციის ვადა საოლქო საარჩევნო კომისიაში, მოსთხოვეს ქართულ ოცნებას, რომ დაედგინა ტექნიკური ხარვეზი და მოეხდინა პირადობის ნომრის შეცვლა, ოცნებამ ისარგებლა ამით და პრაქტიკულად, კანონის უხეში დარღვევით მოახდინა ამ ოლქებში შესაბამისი მაჟორიტარი კანდიდატების შეცვლა", - თქვა ბეჟაშვილმა. 

რაც შეეხება მეორე შემთხვევას, ბეჟაშვილის თქმით, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ნაციონალური მოძრაობის პარტიულ სიაში მყოფ პირებს სპეცსამსახურები დევნიან. 

"მეორე მნიშვნელოვანი დარღვევა არის ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, სადაც გამოცხადებულია დევნა ჩვენს პარტიულ სიაში მყოფ პირებზე. ახალქალაქში ოთხ ადამიანთან მიმართებაში, სპეცსამსახურებმა დააწერინეს განცხადება და ისინი უარს ამბობდნენ ენმ-ის პარტიულ სიაში ყოფნაზე. სხვადასხვა მოტივით - ერთს მეუღლე ჰყავს ენერგოკომპანიაში დასაქმებული, მეორეს რძალი ჰყავს საბავშვო ბაღში დასაქმებული. მათზე განახორციელეს ზეწოლა და მოსთხოვეს თანამდებობის დატოვება", - აღნიშნა ბეჟაშვილმა.

close დახურვა