logo
ENG



ლომჯარია: თუ თადუმაძე პროკურორი იყო, როცა კეზერაშვილს ბრალი წარედგინა, ინტერესთა კონფლიქტია

06 სექ 202116:08
3 წუთის საკითხავი
clock 2820

სახალხო დამცველი დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქმის განხილვის დაწყებას აფასებს და ამბობს, რომ თუკი უზენაეს სასამართლოში ფორმულას მფლობელის საქმეს ის მოსამართლე განიხილავს, ვინც წარმოებაში მიღების დროს გენერალური პროკურორი იყო, ინტერესთა კონფლიქტი იქნება. 

ნინო ლომჯარიას თქმით, ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში, სტრასბურგის სასამართლო, დიდი ალბათობით, დაადგენს სამართლიანი სასამართოს უფლების დარღვევას.

„სახალხო დამცველი არ იცნობს ნამდვილად იმ საქმეს, რაც წარიმართა კეზერაშვილთან მიმართებით და ამ საქმეზე ამიტომ კომენტარს ვერ გავაკეთებ. თუმცა რაც შეეხება ფაქტს, თადუმაძის მიერ საქმის განხილვას, მე გავიხსენებ იგივე გიგი უგულავას საქმესაც, როცა მე, სახალხო დამცველმა გავაკეთე განცხადება მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით. თუ თადუმაძე იყო პროკურორი, როცა კეზერაშვილს ბრალი წარედგინა, მე არ ვიცნობ ამ საქმეს, თუმცა თუ ასეთი გარემოებები ჩანს, ვფიქრობ, რომ ეს არის ინტერესთა კონფლიქტი და გიგის უგულავას შემთხვევაშიც ვთქვი და თუ ასეთი გარემოებებია ამ საქმეშიც, ძალიან მაღალია ალბათობა, რომ თუ ეს საქმე წავა სტრასბურგის სასამართლოში, სასამართლომ დაადგინოს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა", - ამბობს სახალხო დამცველი

გარდა შესაძლო ინტერესთა კონფლიქტისა, ომბუდსმენი საუბრობს შალვა თადუმაძის კვალიფიკაციის პრობლემებზეც. მისი განცხადებით, სახალხო დამცველმა თადუმაძის დანიშვნის პროცესში დაადგინა კვალიფიკაციის შეუსაბამობაზე ხარვეზები.

ნინო ლომჯარიას თქმით, ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ, შესაძლოა, დაადგინოს საქმეში არსებული ხარვეზები.

„გარდა ამისა, თავად თადუმაძის, როგორც მოსამართლეს, დანიშვნის პროცესში სახალხო დამცველმა სერიოზული ხარვეზები დაადგინა მისი კვალიფიკაციის შეუსაბამობასთან მიმართებით. სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ასეთი პროცესით დანიშნული მოსამართლის მიერაც მიღებული გადაწყვეტილებები არის დადგენილი, რომ არღვევს სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს. ამიტომ ბევრი ხარვეზი შეიძლება გამოიკვეთოს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, თუ ეს წავა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში" - აცხადებს ნინო ლომჯარია.

დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქმის განხილვა უზენაესმა სასამართლომ ირაკლი ღარიბაშვილის მუქარიდან თითქმის ორ თვეში დაიწყო

"მე რაც წავედი, მერე გაამართლეთ თქვენ ის. ახლა მიხედავენ, როგორც ჩანს" - ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა დავით კეზერაშვილის შესახებ პარლამენტის ტრიბუნიდან.

პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვაში დასდო. თუმცა, უშედეგოდ - გამოძიებამ ბრალის დამტკიცება ვერ შეძლო. 

ე.წ. წვრთნების საქმეზე ბოლო გამამართლებელი განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წელს გამოაცხადა.

ორ ინსტანციაში წაგებული საქმე პროკურატურამ საკასაციო წესით უზენაეს სასამართლოში მაშინ გაასაჩივრა, როცა გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე იყო. ამჯერად კი შალვა თადუმაძე საქმეს უზენაეს სასამართლოში მოსამართლის როლში განიხილავს.

საქმეს სასამართლოში სამკაციანი კოლეგია განიხილავს შალვა თადუმაძის, ლევან თევზაძისა და მერაბ გაბინაშვილის შემადგენლობით. 


close დახურვა