ენმ-ს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ მოსამართლეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ჟურნალისტებთან უპასუხა, რომ უარს ამბობს 20 ივნისის ამნისტია გავრცელდეს მასზე. პარალელურად, მის საქმეზე განხილვა მიმდინარეობს, სადაც მოსამართლემ მხარეებს ჰკითხა, რა პოზიცია აქვს ნიკა მელიას ამნისტიასთან დაკავშირებით.
"არანაირი თანხმობა ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს ჩემის მხრიდან რომ მე მას ახლა მოწყალებას ვთხოვ და ჩემზე გავრცელდეს ის რაც არ ჩამიდენია, არ აქვს. წერტილი დავუსვათ ამ საკითხს. ვფიქრობ, ეს უნდა მიიღოს მოსამართლემ და ქართულმა ოცნებამ საბოლოო პასუხად. არ ვიღებ ამ პოლიტიკურ მასკარადში მონაწილეობას", - თქვა მელიამ.
7 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა 20-21 ივნისის საქმეების ამნისტიის შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა 79 ხმით 15-ის წინააღმდეგ.
დამტკიცებული ვერსია მმართველი პარტიის ქართული ოცნების მიერ არის შემუშავებული.
ამნისტიის აქტში აღნიშნულია, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.
ამნისტია ვრცელდება აგრეთვე 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ დანაშაულის მომზადებაზე.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტი, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციის ნაწილმა ხელი 19 აპრილს მოაწერა, რამდენიმე პუნქტს მოიცავს. ერთ-ერთი კი სწორედ 20 ივნისის საქმეების ამნისტიას ეხება.