logo
ENG



POG: შანაი ბრუკს ბრალდებული ყაჩაღურად დაესხა თავს და ანგარების მოტივით გადაწყვიტა მოკვლა

10 სექ 202112:11
3 წუთის საკითხავი
 

შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა - პროკურორის თქმით, ბრალებული ავსტრალიელ ქალს პირადი ნივთების დაუფლების მიზნით დაესხა თავს, ხოლო შემდეგ მისი მოკვლა გადაწყვიტა.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, შანაი ბრუკის მკვლელობის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით, რაფაელ მურსაკულოვმა ცხედარს ხის ტოტები დააფარა და მკვლელობის იარაღი გადააგდო.

„ბრალდებული ყაჩაღურად, პირადი ნივთების დაუფლების მიზნით თავს დაესხა შანაი ბრუკი ედუარდს. მსხვერპლის მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო, ბრალდებულმა, ყაჩაღობის გაადვილების და შემდგომში მისი დაფარვის მიზნით, ანგარების მოტივით, მისი მოკვლა გადაწყვიტა. ბრალდებულმა შანაი ბრუკს დანით კისრის არეში მიაყენა დაზიანება და გაგუდა. ამის შემდეგ იგი მსხვერპლის პირად ნივთებს დაეუფლა და დანაშაულის კვალის დაფარვა სცადა, ცხედარს ხის ტოტები დააფარა, დანაშაულის იარაღი - დანა მიმდებარე ტერიტორიაზე გადააგდო და ადგილიდან მიიმალა", - განაცხადა პროკურორმა.

პროკურორის თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლი და 109-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ყაჩაღობას, ჩადენილს სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით და განზრახ მკვლელობას, ჩადენილს სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ პატიმრობას ითვალისწინებს.

ავსტრალიელი პედაგოგი, შანაი ბრუკი 30 ივლისს, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუჩინარდა. მისი ცხედარი მეორე დღეს, 31 ივლისს იპოვეს. ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნებოდა, დანაშაულის ადგილზე კი ნაპოვნი იქნა დანა.


close დახურვა