logo
ENG



სასამართლომ გიგა მაქარაშვილი 2000 ლარით დააჯარიმა და დაზარალებულად არ ცნო

10 სექ 202119:21
3 წუთის საკითხავი
 
სასამართლომ გიგა მაქარაშვილი 2000 ლარით დააჯარიმა და დაზარალებულად არ ცნო

დღეს, 10 სექტემბერს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო 2000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია GDI ავრცელებს, რომელიც მაქარაშვილს უფლებებს იცავს.

უფლებადამცველი ორგანიზაციის ცნობით, მოსამართლე დაეყრდნო მხოლოდ ერთი პოლიციელის ჩვენებას, რომელიც მონაწილეობდა გიგა მაქარაშვილის დაკავების პროცესში და იყო დაინტერესებული პირი. ამასთან, ამატებს, რომ მისი ჩვენება ეწინააღმდეგებოდა თავად შსს-ს წარმომადგნელების მიერ პროცესზე წარმოდგენილ ვიდეო მტკიცებულებებს.

საქმე ეხება 3 ივნისს პროკურატურასთან გამართულ აქციას, სადაც სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები ნინოწმინდის ბავშვთა სახლის გარშემო განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებდნენ.

GDI წერს, რომ გიგა მაქარაშვილი სარგებლობდა შეკრების კონსტიტუციური უფლებით, რა დროსაც, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, პოლიციის თანამშრომლებმა გადაუტრიალეს ხელები და დააკავეს.

დაკავების დროს აქტივისტს მოტეხეს ხელი, ხელში კი ურტყამდნენ ხელბორკილს, რითიც მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები. ამ ფაქტებთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ პუნქტით.

GDI-ის განცხადებით, ადვოკატის მოთხოვნის მიუხედავად, გენერალური პროკურატურა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევით, გიგა მაქარაშვილს დაზარალებულის სტატუსს არ ანიჭებს და არ აძლევს საქმის მასალების გაცნობის უფლებას.

"გიგა მაქარაშვილს, არც დაკავებამდე და არც დაკავების შემდეგ, პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და აღნიშნული დადასტურდა თავად შსს-ს წარმომადგენლების მიერ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი ვიდეო მასალითაც.

სხვადასხვა ტელეკომპანიის ოპერატორის მიერ გადაღებული ვიდეოებიდან ირკვევა, რომ გიგა მაქარაშვილი მშვიდობიანად დგას და პოლიციის თანამშრომლები ყოველგვარი გაფრთხილების ან მოწოდების გარეშე აკავებენ მას", - წერია განცხადებაში. 

მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა არ დააკმაყოფილა გიგა მაქარაშვილის ადვოკატის არცერთი შუამდგომლობა, რომელიც ეხებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან სისხლის სამართლის საქმის მასალების ამოღებას, პროკურატურის მოქალაქეთა მისაღებ შენობაზე განთავსებული ვიდეო კამერებით გადაღებული ვიდეო ჩანაწერების ამოღებას და გიგა მაქარაშვილის დაკავების ბრძანების გამცემისა და ერთ-ერთი უშუალო დამკავებლის, გოგა მემანიშვილის დაკითხვას.


close დახურვა