logo
ENG



გიორგი თარგამაძის OP-ED: არჩევნები, როგორც სასჯელი!

12 სექ 202120:06
3 წუთის საკითხავი
clock 910

"ბედს თვითონ კაცი ქმნის და არა ბედი კაცსა", – ზუსტად 114 წლის წინ, ქართველებისვე ხელით მოკლული ილია ჭავჭავაძე, ხშირად შემოუძახებდა თავის დროებას: გამორჩეული თავისი ღვთისმოსაობით, ხანდახან მკაცრადაც შეახსენებდა თანამედროვეთ, რომ მათი მომავალი მათსავე ხელშია და მას ბრძოლა, მოპოვება და პატრონობა უნდა.

დიდიც და პატარაც ვგრძნობთ და ვამჩნევთ, რომ კარგა ხანია ჩვენი ქვეყანა ერთ ადგილს ტკეპნის ან უკან იხევს. განახლება, გადატვირთვა, გადაფორმატება...კიდევ ბევრი სახელი შეიძლება დავარქვათ სურვილს, რომელიც საქართველოს ბედის მოდარდეს გულსა და გონებაში უტრიალებს, მაგრამ მოქმედებაში ვერ გადაჰყავს. არადა არჩევნებამდე სამი კვირით ადრე, მნიშვნელოვანი ცვლილებების დაწყებამდე, ანუ ივანიშვილის შეუზღუდავი ძალაუფლების დაკარგვამდე ისე ახლოს ვართ, როგორც არასდროს. ამის თქმის საფუძველს ამერიკული ორგანიზაციის ედისონ რისერჩის ბოლო კვლევა მაძლევს, რომლის მიხედვითაც ქართული ოცნების მხარდაჭერა ალოკაციითაც კი, ანუ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მათემატიკური შეწონვითაც კი, მხოლოდ 33 პროცენტია, რაც იმას ნიშნავს, რომ თვითმმართველი ქალაქების მერების არჩევნებში მეორე ტურები პრაქტიკულად გარდაუვალია. ოცნება რომ საკრალური 43 პროცენტის მიღმა რჩება კარგად ჩანს კვლევის სხვა დეტალებშიც: ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ჯამურად ოცნებას უკვე ორჯერ აღემატება, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი ძალის მხარდამჭერთა 30 პროცენტი კი დღეს უკვე სხვა პარტიებს ემხრობა; ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსების ხუთეულში - ოთხი, ოპოზიციის წარმომადგენელია, პრემიერმინისტრი, მინისტრთა კაბინეტი, პარლამენტი და პრეზიდენტი კი ნდობის აუთსაიდერთა ათეულში ლიდერობენ. ქვეყნის მომავალს რაც შეეხება განწყობები აქაც უკიდურესად მძიმეა, რაც ოცნების პოლიტიკური პერსპექტივის განულებაზე მიანიშნებს: მოსახლეობის პესიმიზმის ხარისხი თითქმის გავრილოვის ღამის შემდგომდროინდელ მაჩვენებელს გაუთანაბრდა; მიშელის შეთანხმებიდან ოცნების გასვლას და ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმას, რაც მმართველი გუნდის მხრიდან არა მარტო თვითდაზიანებას, არამედ ქვეყნის დაზიანებასაც ნიშნავს, მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უარყოფითად აფასებს და გააზრებული აქვს, რომ ამას საქართველოსთვის კატასტროფული შედეგი ექნება. არადა, ევროკავშირს, ნატოს და ამერიკის მიმართ მოსახლეობის ლამის 90%-იანი კეთილგანწყობის ფონზე, ოცნება სამივესთან დაპირისპირებულ მდგომარეობაშია. მეტიც, როდესაც გამოკითხულთა 58% ოცნების ლიდერებისთვის დასავლეთის მხრიდან სანქციების დაწესების მომხრეა, ეს იმის უტყუარი ნიშანია, რომ საზოგადოების უმრავლესობა საქართველოს ხელისუფლებას დამნაშავედ მიიჩნევს და მათ დასჯას მოითხოვს.

თუმცა, სასჯელს საქართველოს მთავრობა მხოლოდ დასავლეთისთვის ზურგის შექცევისთვის არ იმსახურებს. მას უფრო დიდი სასჯელი პანდემიის კატასტროფულად მართვისთვის ეკუთვნის, რის შედეგადაც 8 ათასზე მეტი ადამიანი დავკარგეთ, მილიონ მოსახლეზე სიკვდილიანობით კი ლამისაა მსოფლიოს უპირობო ლიდერები გავხდით. არადა, მოლდოვას, ან ჩვენი მეზობელი სომხეთის დონეზე მაინც რომ გვემართა პანდემია - საშუალოდ 1500 ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენდით. უკრაინის დონეზე - 3000-ს, ჩვენი მეზობელი თურქეთის მსგავსად რომ მოვქცეულიყავით 8000 გარდაცვლილიდან დღეს დიდი ალბათობით 5000 ცოცხალი გვეყოლებოდა. აღარაფერს ვამბობ ბალტიისპირეთის ან ცენტრალური ევროპის ქვეყნებზე, სადაც პანდემიის შედეგად სიკვდილიანობა კიდევ უფრო დაბალია. ოცნების მთავრობა, რომელიც ადამიანის უფლებების, ჰუმანურობისა და სიცოცხლის დაცვის ეგიდით მოვიდა ხელისუფლებაში, დღეს თავად გახდა ამ ღირებულებების მთავარი მტერი. ბიძინას ძალაუფლების შენარჩუნებას და ოცნების არაპროფესიონალიზმს ათასობით ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.

და ბოლოს, ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 72% ადგილობრივ არჩევნებზე ნამდვილად, ხოლო სულ 92% საარჩევნო უბნებზე გამოცხადებას გეგმავს, რაც თუ მართლა ასე მოხდა, საქართველოში ჩატარებული ყველა დროის ყველა არჩევნებისთვის აქტივობის უპრეცედენტო მაჩვენებელი იქნება. ისმის ბუნებრივი კითხვა თუ რა განაპირობებს მოსახლეობის ასეთ ინტერესს და რა არის მათი მოტივაცია? პასუხი ნათელია: საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა კარგად გაიაზრა, რომ ეს არჩევნები მართლაც რომ ქვეყნის მომავლის შესახებ გამართული რეფერენდუმია. ოცნების დასჯა კი მხოლოდ დასავლეთის საქმე არ არის.


close დახურვა