logo
ENG



გახარია: ოცნების ბოსების მიერ ჩემს ნარკოტექსტზე მზადდებოდა პროვოკაცია, ევროპაში შევემოწმები

13 სექ 202117:14
3 წუთის საკითხავი
clock 2145

პარტია საქართველოსთვის ლიდერის და თბილისის მერობის კანდიდატის გიორგი გახარიას ინფორმაციით, მის ნარკოტესტთან დაკავშირებით ქართული ოცნების ლიდერები გარკვეულ პროვოკაციას გეგმავდნენ, რის გამოც, ყოფილმა პრემიერმა ტესტის ჩაბარება ევროპის ლაბორატორიაში გადაწყვიტა. 

როგორც გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ანალიზის პასუხი 2 კვირაში იქნება ცნობილი და ის საჯარო იქნება. გახარიას თქმით, სახელმწიფო მექანიზმებით ცდილობენ გაავრცელონ მის შესახებ ინფორმაცია, თითქოს ის ნარკომომხმარებელია.   

"ხდება სახელმწიფო მექანიზმის, სუს-ის პირველ რიგში მუშაობა და დალექვა რეგიონებში ინფორმაციას, თურმე გახარიას შესაძლო ნარკომოხმარებასთან დაკავშირებით. ეს არის ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, პირდაპირ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან იმ პროვოკაციის შესახებ, რომელიც მზადდებოდა ოცნების ბოსების მიერ დაგეგმილ ტესტირებასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გამეკეთებინა მე.

იმისთვის, რომ არავის მივცეთ შესაძლებლობა სპეკულაციებისთვის, მე არ ჩავაბარებ ამ ტესტს აქ, კომერციულ ლაბორატორიებში, არამედ გადავდგამთ იმ ნაბიჯს, დავკარგავთ ერთ დღეს საარჩევნო კამპანიისთვის და გავფრინდებით ევროპაში, საერთაშორისო ლაბორატორიაში, სადაც ჩავაბარებ თმის ანალიზსს, რომელიც არის ყველაზე უტყუარი და დროში ინახავს მონაცემებს. ანალიზის პასუხი იქნება 2 კვირაში და პასუხი იქნება საჯარო", - განაცხადა გიორგი გახარია. 

ცნობისთვის, ქართული ოცნების კანდიდატმა, კახა კალაძემ შარდის ანალიზი ჩააბარა და რამდენჯერმე განაცხადა, რომ ნარკოტიკზე "სუფთაა". ამასთან, კალაძემ თქვა, რომ კონკურენტებთან დებატებს მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დათანხმდება.

მანამდე, მერობის კანდიდატმა და ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ, ასევე რუსთავი 2-თან ინტერვიუში თქვა, რომ ნარკოტესტის ჩაბარების პრობლემა არ აქვს და ამას არჩევნებამდე გააკეთებს. 

 

 

close დახურვა