გალის სკოლებში მე-11 კლასის ჩათვლით ქართულ ენაზე სწავლა აიკრძალა. დაშვებული იქნება ქართულის, როგორც უცხო ენის სწავლება.
შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი ამ საკითხთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს და მიიჩნევს, რომ ეს ახალგაზრდების ფუნდამენტური უფლების უხეში დარღვევაა, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად ნორმებს და პრინციპებს.
"მსგავსი უკანონო ქმედებები წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მრავალი წლის მანძილზე წარმოებული ეთნიკური დისკრიმინაციისა და რუსიფიკაციის პოლიტიკის გაგრძელებას, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კვალის განადგურებას და მოსახლეობის სრულ ასიმილაციას ისახავს მიზნად.
გალის რაიონში ქართულ ენაზე განათლების მიღების შემდგომ შეზღუდვასთან და ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევის გამოვლინებასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს კომუნიკაცია ყველა შესაბამის საერთაშორისო პარტნიორთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩათვლით, ასევე გააქტიურდა ცხელი ხაზიც. საკითხი მთელი სიმწვავით იქნება განხილული 2021 წლის 12-13 ოქტომბერს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდზე.
ქართული მხარე ძალ-ღონეს არ დაიშურებს და გამოიყენებს ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების და სხვა ფუნდამენტური უფლებების დასაცავად". - აცხადებს თეა ახვლედიანი.