
წარმოუდგენლად ბევრი უდანაშაულო ადამიანის წინააღმდეგ ამ მოცულობით, ამ მასშტაბით პირადი ინფორმაცია, გადახლართული ათას ჭორსა და ლეგენდაში, არ გამოქვეყნებულა არასოდეს, არსად, არც ერთ სახელმწიფოში. გამოქვეყნებულია არამარტო საპატრიარქოს ფაილები, არამედ სხვა რელიგიური ორგანიზაციების ლიდერების, ადამიანის უფლებათა დამცველების ფაილები. ამ ფაილებში მოხვედრილი ყველა ადამიანი არის სახელმწიფოს მსხვერპლი, ყველა ეს ადამიანი არის დიდი საფრთხის ქვეშ.
ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ, რასთან გვაქვს საქმე. ამ ტოტალური სახელმწიფო ბოროტების ფონზე, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს, ვინ ვინაა ეკლესიაში, თუ სადმე სხვაგან, - იმდენად ამაზრზენი და შემზარავია ის, რასაც სახელმწიფო მთელი წლების განმავლობაში ჩადიოდა ნებისმიერი იმ მოქალაქის წინააღმდეგ, რომელიც სულ ოდნავ მაინც ჩანდა საჯარო სივრცეში, ასევე იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც რაღაც ფორმით იყო დაკავშირებული მათთან - თუ ოჯახით, თუ ნათესაობით, თუ მეგობრობით, თუ მეზობლობით.