logo
ENG



მდინარაძემ კადრები წარადგინა იმის სამტკიცებლად, რომ ვარდნის შემდეგ ოპერატორი უგონოდ არ იყო

16 სექ 202114:36
3 წუთის საკითხავი
clock 2391

ქარელში ქართული ოცნების ოფისიდან მთავარი არხის ოპერატორის, ლევან აბლოთიას, გადმოგდებასთან დაკავშირებით ქათულ ოცნებაში მორიგი ბრიფინგი გაიმართა.

მამუკა მდინარაძემ კადრები წარადგინა, რომელიც მისი თქმით, გადმოვარდნის შემდეგ არის გადაღებული და ამოღებულია ოფისთან დამონტაჟებული კამერიდან. კადრები მდინარაძემ იმის სამტკიცებლად წარადგინა, რომ ვარდნის შემდეგ ოპერატორი უგონო მდგომარეობაში არ იყო და გადაადგილება შეეძლო.

მდინარაძე გვარამიას "შოუს მოწყობაში" ადანაშაულებს:

"გვარამიამ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ოპერატორი გადმოვარდნის შემდეგ იყო უგონო მდგომარეობაში და ამბობდა, რომ სასწრაფოში როდესაც რეკავდა ბექა ყორშია, მაშინაც იყო უგონო მდგომარეობაში. კადრში ხედავთ ოპერატორს, რომელიც გადაადგილდება კამერასთან ერთად, შემდეგ ჯდება და არანაირ უგონო მდგომარეობასთან არ გვაქვს საქმე. ეს არის კიდევ ერთი ტყუილის მხილება იმისთვის, რომ მოხდეს მანიპულაცია", - ამბობს მდინარაძე.

ქართული ოცნების ბრიფინგს გამოეხმაურა ნიკა გვარამიაც და თქვა, რომ მას პასუხს გასცემს.

მთავარი არხის ინფორმაციით, ტელეკომპანიის ოპერატორი, ლევან აბლოთია ქართული ოცნების ოფისის მეორე სართულიდან გუშინ, 15 სექტემბერს, დაახლოებით 19:20 საათზე გადმოაგდეს. 

მასთან ერთად ჟურნალისტი ბექა ყორშია მუშაობდა. ის ყვება, რომ მათ ქარელის მერის ჩაწერა სურდათ, თუმცა, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

ქართულ ოცნებაში ოპერატორზე ძალადობა მომხდარიდან მალევე უარყვეს. პარტიის წევრის, მამუკა მდინარაძის თქმით, ლევან აბლოთია შენობიდან უკუსვლით გადიოდა, რა დროსაც მოაჯირს წამოედო და გადავარდა.

დაზარალებული ოპერატორის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ვარდნამდე აივანზე მყოფები მასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში შევიდნენ.


close დახურვა