logo
ENG



EU-ში ამბობენ, რომ დიპლომატების მოსმენა "ძალიან სერიოზული საკითხია" და "ნაბიჯებს დგამენ"

17 სექ 202116:25
3 წუთის საკითხავი
clock 1256

ევროკავშირის საგარეო პოლიტის ხელმძღვანელის თანაშემწის, პიტერ სტანოს განცხადებით, ევროკავშირი ინფორმირებულია მედიაში გაჟღერებული ცნობების შესახებ, რომელიც დიპლომატების მიყურადებას ეხება. პიტერ სტანო ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ესაუბრა.

როგორც მან გამოცემასთან აღნიშნა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ვენის კონვენციის ჩარჩოში არსებული დიპლომატიურ ურთიერთობების ფარგლებში და ევროკავშირი შესაბამის ნაბიჯებს მოამზადებს.

"ჩვენ ვიცით საქართველოს მედიაში არსებული ცნობების თაობაზე, რომელიც შეეხება ჩვენი ევროკავშირის ელჩისა და ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლებს შორის სატელეფონო საუბრებს, რომელიც ჩაწერილი იყო და ახლა გასაჯაროვდა. ეს ძალიან სერიოზული საკითხია, ვინაიდან მას მნიშვნელობა აქვს ვენის კონვენციის ჩარჩოში არსებული დიპლომატიურ ურთიერთობების ფარგლებში.

ჩვენ ამ კონტექსტში შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ, როგორც ამას ვაკეთებ მსგავს სიტუაციაში, მაგრამ სავარაუდო ინციდენტის ხასიათიდან გამომდინარე, ამ წუთას მეტს ვერ ვიტყვით", - განუცხადა პეტერ სტანომ რადიო თავისუფლებას.

13 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა. ჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდება. 

ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში უსმენენ როგორც საელჩოების თანამშრომლებს, ისე უშუალოდ ელჩებს. 

ერთ-ერთ ფაილში, რომელიც სუს-ის თანამშრომლების ასობით მიმოწერას შეიცავს, გაშიფრულია აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების საუბრები არა მხოლოდ საპატრიარქოს წარმომადგენლებთან, არამედ ერთმანეთს შორის. არის მათი პირადი მიმოწერაც ელექტრონული ფოსტიდან.

ამასთან, მოცემულია ევროკავშირისა და ისრაელის ელჩების საუბრები, მათ შორის უშუალოდ საკუთარ თანამშრომლებთან.

ფაილებში ასევე არის პირადი ინფორმაცია სინოდის წევრებზე, პატრიარქის მოსაყდრეზე, მღვდელმთავრებზე, პატრიარქის თანაშემწეებზე, ეპისკოპოსებზე, მონაზვნებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსაც. 


close დახურვა