logo
ENG



ვახო სანაია: პირი, რომელიც ჩემი ძმის მკვლელობის საქმის "მოწმე" იყო, დღეს სუს-ის აგენტია

19 სექ 202110:59
3 წუთის საკითხავი
 
ვახო სანაია: პირი, რომელიც ჩემი ძმის მკვლელობის საქმის "მოწმე" იყო, დღეს სუს-ის აგენტია

ფორმულას ტელეწამყვანი ვახო სანაია Facebook-ზე წერს, რომ სუს-ის მასალებში მისი ძმის, ჟურნალისტ გიორგი სანაიას, მკვლელობის საქმის მოწმე იპოვა - ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობს.

როგორც სანაია წერს, სუს-ის თანამშრომელი გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეში მოწმეთა იმ კატეგორიაში იყო, ვისაც გამოძიება საქმის გასაყალბებლად იყენებდა. 

ვახო სანაიას თქმით, აღნიშნული პირი ახლაც მუშაობს სუს-სთვის, სხვადასხვა ორგანიზაციიდან აგროვებს ინფორმაციას და მის უშუალო უფროსებს გადასცემს.

„ჩემი ძმის, გიორგი სანაიას მკვლელობა მოხდა შევარდნაძის პერიოდში, როცა ყველა სტრუქტურა ჩვენს ოჯახს დაუპირისპირდა. თავიდანვე დაიწყო საქმის გაყალბება. ყველა მექანიზმი ჩართეს ფაბრიკაციისთვის. საქმე ყალბდებოდა პირველივე საათებიდან. იმავე დღეებში გამოჩნდნენ ,,მოწმეები’’, რომლებიც გამოძიებას აძლევენ წინასწარ შეთანხმებულ ჩვენებებს. რეალურად ესენი იყვნენ ცრუ მოწმეები, რომელებიც შევარდნაძის ხელისუფლებამ საქმის გასაყალბებლად მოიყვანა. არადა ვითომ თავისით გამოჩნდნენ.

რა დავალებებსაც აძლევდნენ, ეს ,,მოწმეები” იმას იმეორებდნენ. როგორც ხელისუფლებას აწყობდა. ხან ერთს ათქმევინებდნენ, მერე სიტყვებს უკან წააღებინებდნენ, ჩაასწორებინებდნენ და ასე. ბოლოს თავადვე აიხლართნენ პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო. ხალხის პროტესტის ჩასახშობად ავრცელებდნენ ჭორებს და ამისთვისაც აღნიშნულ ,,მოწმეებს” იყენებდნენ. ვითომ შემთხვევითი პირები იყვნენ. ჩვენთვის თავიდანვე ცხადია იყო ყველაფერი და ამდენი წელია, ამაზე ვლაპარაკობთ დაუსრულებლად.

ამ დღეებში სუსის ანგარიშებში აღმოვაჩინე ერთ-ერთი ასეთი ,,მოწმე”. ეს პირი, რომლის ჩვენებებზე დაყრდნობითაც დაიწყეს გამოძიება და მისცეს მათთვის სასურველი მიმართულება, შევადნაძის პერიოდშია გადაბირებული და არის სპეცსამსახურების აგენტი. ახლა ხელში მიჭირავს დოკუმენტები, რომლის მიხედვით, ეს პირი დღეს არის სუსის აგენტი. ნერგავენ ხოლმე ამა თუ იმ ორგანიზაციაში და იქიდან აწვდის შიდა ინფორმაციას კურატორს. იყენებენ უბინძურესი საქმეებისთვის.

ყველაფერია ცნობილი მის შესახებ - რომელი ორგანიზაციების წინააღმდეგ მუშაობს სუსის სასარგებლოდ, ვინ გადაიბირა ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში, ვინ იყვნენ მისი უშუალო ხელმძღვანელები წლების განმავლობაში, რა დავალებებს აძლევენ, ვის და როდის ხვდება ინფორმაციის გადასაცემად", - წერს ვახო სანაია.

13 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა.

ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უსმენენ როგორც საელჩოების თანამშრომლებს, ისე უშუალოდ ელჩებს. 

ფაილებში ასევე არის პირადი ინფორმაცია სინოდის წევრებზე, პატრიარქის მოსაყდრეზე, მღვდელმთავრებზე, პატრიარქის თანაშემწეებზე, ეპისკოპოსებზე, მონაზვნებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსაც. 

ჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდება. 

ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ ის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც ჩანაწერებში ფიგურირებს. 

ფაილების გავრცელებას გამოეხმაურა საპატრიარქოც - მათი განცხადებით, ფაილებში დიდი ნაწილი, სიცრუეზეა აგებული, ნაწილში სიცრუე და სიმართლე არის აღრეული, ზოგიერთი კი სიმართლესაც შეიცავს.

პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.


close დახურვა