logo
ENG



ალმა: ბანერის შინაარსთან შეხება არ გვაქვს, ვემიჯნებით ქმედებებს, რომელიც იწვევს სიძულვილს

20 სექ 202114:05
3 წუთის საკითხავი
 

სარეკლამო კომპანია ალმა აცხადებს, რომ სარეკლამო ბანერის შინაარსთან შეხება არ აქვს და მათი როლი შემოიფარგლა მხოლოდ იმით, რომ დამკვეთისგან მიიღეს სარეკლამო ბანერი და ალმას კუთვნილ სარეკლამო ბილბორდებზე განათავსეს. 

საქმე ეხება იმას, რომ სიძულვილის ენის შემცველი ბანერები ხელისუფლებამ ვაქცინაციის კამპანიის ბანერებს გადააკრა. ახლა თბილისში პრაქტიკულად არ არის ბანერები, რომლებიც მოქალაქეებს კორონავირუსის წინააღმდეგ აცრისკენ მოუწოდებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სრულიად ემიჯნებიან ნებისმიერი ფორმით გამოხატულ ქმედებას თუ ქმედებებს, რომელიც გამოიწვევს სიძულვილს, აგრესიას და საზოგადოების შემდგომ პოლარიზაციას.

"ალმას არანაირი შეხება არ აქვს სარეკლამო ბანერის შინაარსთან, დიზაინთან, ვიზუალურ ელემენტებთან, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრასთან თუ სხვა. ალმა მხოლოდ სარეკლამო ბილბორდებზე, ანუ კონსტრუქციებზე არსებულ ფართს ყიდის/აქირავებს. 

ჩვენი როლი შემოიფარგლა მხოლოდ იმით, რომ დამკვეთისგან მიიღეს სარეკლამო ბანერი და განათავსეს იგი ალმას კუთვნილ სარეკლამო ბილბორდებზე.

კომპანია ალმა ორ ათეულ წელზე მეტია, დამკვეთებისგან, რომელთაც სურვილი აქვთ, აწარმოონ სხვადასხვა შინაარსის სარეკლამო კამპანია, იღებს და ანთავსებს სარეკლამო ბანერებს კომპანიის კუთვნილ სარეკლამო კონსტრუქციებზე. ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნავთ და ეს იცის ყველა ჩვენმა დამკვეთმა, რომ „ალმას“ არანაირი შეხება არ აქვს სარეკლამო ბანერის შინაარსთან, დიზაინთან, ვიზუალურ ელემენტებთან, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრასთან, თუ სხვა. ალმა ახდენს მხოლოდ და მხოლოდ სარეკლამო ბილბორდებზე ანუ კონსტრუქციებზე არსებული ფართის გაყიდვას/გაქირავებას. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ჩვენი კომპანიის როლი შემოიფარგლა მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ ალმამ დამკვეთისგან მიიღო სარეკლამო ბანერი და განათავსა იგი კომპანიის კუთვნილ სარეკლამო ბილბორდებზე.

გარდა ამისა, ვაცხადებთ, რომ ჩვენ სრულად ვემიჯნებით ნებისმიერი ფორმით გამოხატულ ქმედებას, თუ ქმედებებს, რომელიც გამოიწვევს სიძულვილს, აგრესიას და ჩვენი ქვეყნის საზოგადოების შემდგომ პოლარიზაციას. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაღიარებთ ნებისმიერი სუბიექტის გამოხატვის თავისუფლებას და მისი უზრუნველყოფის საჭიროებას, ჩვენთვის ცალსახად მიუღებელია ხსენებული სარეკლამო ბანერების კონტენტი". - წერია ალმას განცხადებაში. 

მიუხედავად ალმას მტკიცებისა, რომ არ ერევა ბანერების შინაარსში, აქტივისტები, რომლებიც ხელისუფლების ქმედებებს აპროტესტებენ, ამბობენ, რომ კომპანიამ მათ სხვადასხვა დროს უარი უთხრა ბანერების განთავსებაზე. 

მაგალითად, 2018 წელს მოძრაობას "რუსეთი ოკუპანტია" "არ დაუდასტურეს" დიზაინი, რომელზეც ნათქვამი იყო, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს. ასევე, უარი თქვეს დავით სარალიძის მკვლელობის გამოძიების მოთხოვნის შესახებ ბანერის განთავსებაზე.

"არა ნაცებს", არა ბოროტებას, არა ღალატს", - ამ წარწერით თბილისის ქუჩებში წინასაარჩევნოდ ახალი ბანერები 17 სექტემბერს, გვიან ღამით გააკრეს. მათზე მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამოსახული, ისევ სისხლის შხეფების ფონზე. 

სისხილიანი ბანერები ქალაქში პირველად 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინა პერიოდში გამოჩნდა.

2021 წლის ბანერებს ახალი სახეები დაემატა, მათ შორის ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიაა. 

ბანერზე გამოსახულია ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია, დეპუტატი გუბაზ სანიკიძე, ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია, ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია და გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა განაცხადა, რომ სიძულვილის ბანერების ვაქცინაციის ბანერებზე გადაკვრის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ და რომ მომხდარს გმობენ. 


close დახურვა