logo
ENG



კალაძე ფაილებზე: უნდა მოუსმინონ იმას, ვინც მოსასმენია, [ელჩებსაც] თუ საჭიროა

20 სექ 202114:44
3 წუთის საკითხავი
clock 1836

ქართული ოცნების გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ მასალას ეხმაურება და ამბობს, რომ უწყებამ უნდა მოუსმინოს ყველას ვინც მოსასმენია. 

როგორც კალაძე ამბობს, სუსი ქვეყანაში უსაფრთხოებას იცავს და მოსმენაც კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს. კითხვაზე - უნდა უსმენდნენ თუ არა დიპლომატებს, რადგან ჩანაწერებში ელჩების მიმოწერებიც არის, კალაძე პასუხობს: "თუ ასეა საჭირო, მაშინ კი". 

"ჭორაობას ხომ არ დავიწყებ, დაველოდოთ გამოძიებას. ობიექტური გამოძიება დაწყებულია. შესაბამისად დაველოდოთ თუ ვინ, როგორ, რა გააკეთა. რა არის ტყუილი, რა არის მართალი - ლილუაშვილის პასუხისმგებლობა რა შუაშია, გამოძიება მიმდინარეობს. ყველაფერი გახდება ცხადი. ვის მიერ იქნა ეს გავრცელებული - რა არის აქედან სიმართლე და რა ტყუილი.

უშიშროების სამსახური არის იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიცვას უსაფრთხოება, მოუსმინოს იმას, ვინც მოსასმენია კანონის ფარგლებში - ყველა ქვეყანაში ასე ხდება. შესაბამისად, ჩვენი სამსახური უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე - აუცილებად უნდა მოუსმინონ ვინც სჭირდებათ და მოსასმენია. რა თქმა უნდა კანონის ფარგლებში", - ამბობს კახა კალაძე. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა 13 სექტემბერს გაჟონა.

ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უსმენენ საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მღვდელმსახურებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსა. ასევე, როგორც საელჩოების თანამშრომლებს, ისე უშუალოდ ელჩებს. 

ჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდება. 

ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ ის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც ჩანაწერებში ფიგურირებს. 

პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო. 


close დახურვა