logo
ENG



გიორგი თარგამაძის OP-ED: გამხმარი ოცნება

22 სექ 202121:02
3 წუთის საკითხავი
clock 1694

ოცნებას რომ ძალიან უჭირს, ამას ორი რამ აჩვენებს: 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლა და მოშე კლუგჰაფტის საარჩევნო კამპანიაში ჩართვა.

ვინც არ იცის, ეს ის ნეგატიური კამპანიის დიდოსტატი მოშეა ისრაელიდან, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურში სალომე ზურაბიშვილი და რაც მთავარია, ივანიშვილი სამარცხვინო წაგებას გადაარჩინა. როგორ? ზურაბიშვილის პლაკატები მოღიმარი ივანიშვილით ჩანაცვლდა, ქალაქი სისხლიანი ბანერებით გაივსო, ტელევიზორებში კი პატიმრებზე ლამის თავიდან იძალადეს.

დღესაც დაახლოებით აქ ვართ იმ განსხვავებით, რომ გაღიმებული ივანიშვილი აღარ გვიმზერს ბანერებიდან... იმ განსხვავებით, რომ ოცნებამ, ფაქტობრივად, ყველა რესურსი ამოწურა. შეუძლებელია რაიმე სიკეთე მოიტანოს ძალამ, რომლის ფესვებიც დღეს მხოლოდ პოლიტიკური სანაგვიდან იკვებება. ხეს, რომელიც უკვე ნახევრად გამხმარია, ფესვები კი ჭაობში უდგას, გადარჩენის შანსი აღარ აქვს. ის სიცოცხლეს მხოლოდ დროებით იხანგრძლივებს, თუმცა ამით ქვეყანას განახლებისა და განვითარების პერსპექტივას უკლავს.

არადა, ივანიშვილის მართველობის პერიოდში იყო ეტაპები, როდესაც ვიღაცისთვის იმედიც იყო და განახლების პერსპექტივაც. მამუკა ბახტაძე, გახსოვთ ალბათ ასეთი პრემიერი, მიუხედავად ნულოვანი პოლიტიკური წონისა, იმით მაინც იქცევდა ყურადღებას, რომ საერთაშორისო ასპარეზზე აქტიურობდა და უტოპიურ, თუმცა 21-ე საუკუნისთვის შესაფერ იდეებს აფრქვევდა. აი, მის წინამორბედ კვირიკაშვილს პოლიტიკური წონაც ჰქონდა და რაღაც ტიპის სტაბილურობასაც განასახიერებდა. სოლიდური, დასავლეთში მიღებული ფიგურა იყო, რითაც იმიტაციას მაინც ქმნიდა, რომ საქართველო ევრო-ატლანტიკური განვითარების ვექტორზე იდგა. ან თუნდაც გახარია, რომელმაც ბიზნეს ომბუდსმენობიდან პრემიერობამდე საკმაოდ რთული გზა განვლო. მას კარგად ესმოდა ბიზნესის ენა, შეეძლო მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღება და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებაც, რის გამოც, ის ვიღაცებისთვის, შესაძლოა, მბჟუტავ, თუმცა მაინც იმედსა და პერსპექტივას განასახიერებდა.

ამის შემდეგ დავბრუნდით წარსულში. ივანიშვილმა დაიწყო და ასრულებს ღარიბაშვილით, რომელიც გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ქართული ოცნების ყველაზე ბნელი და რეგრესული სახეა. ბუნებრივ მდგომარეობაში, როგორც ჩვენ მთვარის მხოლოდ ნათელ მხარეს ვხედავთ, ასე ცდილობდა ივანიშვილი წინა პრემიერების საშუალებით ოცნების მხოლოდ დადებითი მხარე ეჩვენებინა. თუმცა, დღეს უკვე დადგა მომენტი, როდესაც მას სხვა გზა აღარ დარჩა და პოლიტიკური რესურსიც ბოლომდე ამოეწურა. ოცნება იძულებულია, თვითგადარჩენისთვის მისი რეალური სახე და ბნელი მხარე ბოლომდე აჩვენოს. ეს კი ღარიბაშვილია და კალაძის შედარებით ადამიანური სახე და მილანური მოდის ბოლო მიღწევებით დაფარული სხეული სურათს ვეღარ ცვლის.

დღეს სრული რეგრესი გვაქვს ყველა სფეროში და ყველა მიმართულებით: უფრო ღარიბები, საერთაშორისო რეპუტაციაშელახულები და დაუცველები ვართ; მარტო 8 500 ადამიანის სიცოცხლე კოვიდს გავატანეთ, ჯანდაცვის სექტორი კი ჩამოქცევაზეა. ამ დროს სუს-ი პარტნიორი ქვეყნების ელჩებს უსმენს. პირველად თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, ევროკავშირში ჩვენს ელჩს განმარტებისთვის იბარებენ. ოფიციალური ბრიუსელი კი, რომელიც ჩვენივე კონსტიტუციით საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, გარკვევით გვეუბნება რომ ნაწყენებიც არიან, გაბრაზებულებიც და შეურაცხყოფილებიც. ევროკავშირსა და დასავლეთს რომ ვშორდებით, გასაგებია, მაგრამ რუსეთსაც რომ ვერ ვუახლოვდებით? მოსკოვთან სარფიანად და კომფორტულად ჩაბარების თავიც კი აღარ გვაქვს: ნარიშკინი შიო მუჯირს უფრო ეკონტაქტება, ვიდრე ღარიბაშვილს.

ჰოდა, თუ ვინმე მიხვდა იმას, რომ ოცნებას აღარც პერსპექტივა აქვს და აღარც იმედს ასხივებს, პირველი რიგში, ეს სწორედ მოშეა, რომლის ბანერებიდანაც აღარც ივანიშვილი გვიღიმის, აღარც დაპირებებს ვისმენთ და აღარც გაკეთებული საქმეების შესახებ გვიყვებიან. სამაგიეროდ, აცრის კამპანიის პლაკატები სისხლიანმა ბანერებმა ჩაანაცვლა, ხელისუფლების კონტროლირებადი ტელევიზიებიდან კი გვესმის მოთქმა-გოდება: ღმერთო დაიფარე საქართველო აპოკალიფსისგან, მიშასგან, მისი ამფსონებისა და მოღალატე გახარიასგან. ამოცანა ნათელია: ამოტუმბონ სიძულვილი და სიბინძურე მოსახლეობის ტვინების დალექილი შრეებიდან და დროებით მაინც იხსნან უპერსპექტივო ოცნება გარდაუვალი პოლიტიკური სიკვდილისგან, რაც მოშეც დამეთანხმება ალბათ, უკიდურესად რთულია.

მოშე ძალიან ჭკვიანი კაცია, თუმცა სამჭკუაშვილის არ იყოს, ქრისტე არაა სასწაული მოახდინოს.


close დახურვა