logo
ENG



სანაიას თავდასხმის საქმეზე GDI პროკურატურას მიმართავს და განაჩენის გასაჩივრებას მოითხოვს

23 სექ 202113:57
3 წუთის საკითხავი
clock 1966
სანაიას თავდასხმის საქმეზე GDI პროკურატურას მიმართავს და განაჩენის გასაჩივრებას მოითხოვს

საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ პროკურატურას მიმართა და ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე სააპელაციოში თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრება მოითხოვა.

GDI მიიჩნევს, რომ სასჯელის ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია.

"​GDI-ს პოზიციით სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი. სასამართლომ დანაშაულის ჩამდენ პირებს არაპროპორციულად დაბალი სასჯელები შეუფარდა და სასჯელის დანიშვნის დროს არ გაითვალისწინა სასჯელის დამამძიმებელი გარემოებები. სასამართლომ სასჯელის ზომის დასაბუთებისას დამამძიმებელ გარემოებად არ მიიჩნია ის ფაქტი რომ ძალადობრივი დანაშაული მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით მოხდა. სასამართლომ არც იმ ფაქტზე გაამახვილა ყურადღება, რომ მოძალადეები მოქმედებდნენ ჯგუფურად. ამასთან, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ითვალისწინებს სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მკაცრ მიდგომებს.

GDI-მ, რომელიც დაზარალებულ ვახო საინაიას ინტერესებს იცავს, საქართველოს პროკურატურას მიმართა მოთხოვნით, რომ გაასაჩივროს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, ვინაიდან, სასჯელის ნაწილში, გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ვახო სანაიასა და მის ოჯახს თავს 25 თებერვალს, გამთენიისას დაესხნენ. როგორც ტელეწამყვანი ყვება, თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. სანაიამ თავდასხმის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, დაშავდა მისი რძალიც. დაზარალებულად 26 თებერვალს ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულებს 25 აგვისტოს 6 თვიანი პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული ვადა კი სწორედ ამ დღეს ამოიწურა, შესაბამისად ბრალდებულებმა საპატიმრო განაჩენის გამოცხადების დღეს დატოვეს.

სულიკო საყევარიშვილი მოსამართლემ 126-ე [ძალადობის] მუხლით უდანაშაულოდ სცნო და დისკრიმინაციული მოტივით ვახო სანაიასთვის ფიზიკური ძალადობისთვის შეუფარდა 6 თვე და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა;

ვაჟა გიგაური დამნაშავედ სცნო მოსამართლემ და ასევე, მიუსაჯა 6-თვიანი პატიმრობა და 2500 ლარი ჯარიმა, გიორგი სახელაშვილს კი ასევე 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 


close დახურვა