სუს-ის გავრცელებულ ფაილებზე ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას, თბილისის მერი კახა კალაძე "წამოცდენას" უწოდებს. ამის შესახებ მან პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.
"ძალიან მარტივად არის, ყველაფერი უნდა გაირკვეს, უნდა ჩატარდეს გამოძიება და ობიექტური გამოძიება დაადგენს ყველაფერს, რა არის სიმართლე, რა არის ტყუილი და ა.შ. ნაადრევად რაიმეზე კომენტარის გაკეთება, რაც მე ვფიქრობ, ელჩის მხრიდან წამოცდენა იყო, რადგან მტკიცებით ფორმატში საუბრობდა, თითქოს ელჩებს უსმენდნენ, ამიტომ, გამოძიება არის მნიშვნელოვანი, რომ გაირკვეს სიმართლე და საზოგადოებამ გაიგოს ყველაფერი, რა არის ტყუილი და რა არის მართალი", - თქვა კალაძემ.
22 სექტემბერს ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განცხადა, რომ საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი ბრიუსელში განმარტებისთვის დაიბარეს. მას კითხვებს სუს-ის მოსმენების შესახებ დაუსვამენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილი ფაილების მიხედვით, საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც უსმენენ, მათ შორის, კარლ ჰარცელსაც.