სუს-ის ფაილების საქმეზე პროკურატურა On.ge-ში შევიდა.
იმის გამო, რომ სასამართლოს განჩინება არ ჰქონდათ, ონლაინ გამოცემა პროკურატურას მხოლოდ ელექტრონულ ფოსტაზე მისული შეტყობინებების მიწოდებაზე დათანხმდა.
სასამართლოს განჩინების შემდეგ On.ge თანახმაა, გამოძიებას მათ ხელთ არსებული ფაილებიც გადასცეს.
"ერთადერთი, რაზეც დავთანხმდით, ის იყო, რომ ენახათ, ვინ გამოგზავნა ეს მასალები. იურისტებთან კონსულტაციის შედეგად გადავწყვიტეთ, რომ ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან". - ამბობს On.ge-ს რედაქტორი, ხატია ღოღობერიძე.
სუს-ის ფაილების საქმეზე უკვე გამოიკითხნენ მედიის წარომადგენლები, მათ შორის ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე და ჟურნალისტები, ქეთი ნადიბაიძე და მარტა ქურასბედიანი.
ასევე, ტვ პირველის ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია და მთავარი არხის ხელმძღვანელი, ნიკა გვარამია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა 13 სექტემბერს გაჟონა.
ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უსმენენ როგორც საელჩოების თანამშრომლებს, ისე უშუალოდ ელჩებს.
ფაილებში ასევე არის პირადი ინფორმაცია სინოდის წევრებზე, პატრიარქის მოსაყდრეზე, მღვდელმთავრებზე, პატრიარქის თანაშემწეებზე, ეპისკოპოსებზე, მონაზვნებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსაც.
ჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდება.
ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ ის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც ჩანაწერებში ფიგურირებს.
პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.