logo
ENG



მელია ოცნებაზე: წააგებენ და იძულებულები იქნებიან, თქვან, რომ ვადამდელი ჩაინიშნება

26 სექ 202120:41
3 წუთის საკითხავი
clock 1351
მელია ოცნებაზე: წააგებენ და იძულებულები იქნებიან, თქვან, რომ ვადამდელი ჩაინიშნება

ოპოზიციის დიდი ნაწილის თბილისის მერობის საერთო კანდიდატი ნიკა მელია ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ ქართული ოცნება იძულებული გახდება, ბრიფინგი გამართოს და თქვას, რომ ვადამდელი არჩევნები ჩაინიშნება, რადგან შარლ მიშელის შეთანხმებით განსაზვრულ პროცენტს ვერ აიღებს. შეთანხმება ქართულმა ოცნებამ დატოვა, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება.

მელიას განცხადებით, ქართული ოცნება მარცხს არ აღიარებს, რადგან "აქტივისტებსა და პარტიის წევრებს ამხნევებს", თუმცა, მისივე თქმით, საზოგადოების განწყობა მათ კარგად იციან.

"დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ბატონმა კალაძემ, კობახიძემ და სხვებმა ჩემზე უკეთ იციან, რომ ისინი დამარცხდებიან 2 ოქტომბერს და ამ მარცხით იძულებული იქნებიან, ჩაატარონ ქართულ ოცნებაში ბრიფინგი და თქვან, რომ ჩვენ ვერ ავიღეთ შეთანხმების მიერ განსაზღვრული პროცენტი, ახლოსაც ვერ მივუახლოვდით და ამიტომ ჩაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ამ ბრიფინგს ვინ ჩაატარებს, არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ჩემზე კარგად იციან, რომ მათ შანსი უბრალოდ არ აქვთ.

ისინი არიან განწირულები მარცხისთვის და მათ უნდა მიხვდნენ, საჯაროდაც უნდა აღიარონ, რომ ოპოზიცია წელს იმარჯვებს. რატომ არ აღიარებენ, ესეც გასაგებია - საკუთარი აქტივისტებისა და პარტიული წევრების გასამხნევებლად საუბრობენ, თითქოს მათ კარგად აქვთ საქმე, მაგრამ იმ პარტიის მხარდამჭერებსაც ხომ ვერ ატყუებს ქართული ოცნება, ისინიც ხო ამ ქვეყანაში ცხოვრობენ და რა და როგორია განწყობა, ზედმიწევნით კარგად იციან, მათ შორის ქართული ოცნების წევრებმა. ამიტომ, რაც არ უნდა გულზე მჯიღი ირტყან კობახიძემ და კალაძემ, რომ საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება, მით უფრო დიდი სხვაობით დაშორდებიან 43%-იან ნიშნულს", - განაცხადა მელიამ.

ოპოზიციის ნაწილსა და ხელისუფლებას შორის შარლ მიშელის შეთანხმება 2021 წლის 19 აპრილს გაფორმდა. დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი იყო არჩევნების ნაწილი - შეთანხმების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებდა, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა დანიშნულიყო.  

2021 წლის 23 ივლისს ქართულმა ოცნებამ თქვა, რომ შეთანხმებამ თავი ამოწურა და ის ცალმხრივად ანულირებულად გამოაცხადა. მიზეზად მმართველმა პარტიამ დაასახელა ის, რომ ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას, ენმ-ს დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერია. ამის შემდეგ ენმ-მ დოკუმენტს ხელი მოაწერა, მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება.


close დახურვა