logo
ENG



ირაკლი ბებუას ოჯახი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვს - აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

28 სექ 202115:17
3 წუთის საკითხავი
 
2021/09/28/qi24wzymz1ooox2.jpg

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის დროშის დაწვისთვის დაკავებული ირაკლი ბებუას მხარდაჭერი აქცია გაიმართა.

ირაკლი ბებუას ოჯახის წევრების თქმით, ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ისინი ორი თვეა, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ, ღარიბაშვილი კი ოჯახს არ ხვდება და მიზეზად დატვირთულ გრაფიკს ასახელებს.

დღეს ოჯახი პრემიერმინისტრთან შეხვედრას უშუალოდ მთავრობის ადმინისტრაციასთან ითხოვს. 

"თუ 9 წელი მოუწია ირაკლის ციხეში ჯდომა, ეს ნიშნავს, რომ საზღვრისპირა რეგიონში მცხოვრებლები და ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებლები დაინახავენ, რომ მის სამშობლოს, მის მთავრობას ის ფეხებზე კიდია" - ამბობს აქციაზე მყოფი ვაჟა გაფრინდაშვილი.

ირაკლი ბებუას ოჯახს და მხარდამჭერებს ბებუას გათავისუფლების მოთხოვნით აქცია წარსულშიც გაუმართავთ.

"ეს არის უკვე მეორე აქცია დიდხნიანი დუმილის შემდეგ, როდესაც ოჯახმა მისცა მთავრობას დრო რომ ემოქმედათ. როგორ შეიძლება კომუნიკაციის პრობლემა გქონდეს შენივე მთავრობასთან, როდესაც ოკუპანტი შენი ოჯახის წევრს იტაცებს" - ამბობს ელენე ხოშტარია

საქართველოს მოქალაქე, ირაკლი ბებუა გალში კულტურის სახლის წინ აფხაზური დროშის დაწვისთვის 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს. მან ასე 27 სექტემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის დაცემის დღის ზეიმით აღნიშვნა გააპროტესტა. მის სახლში ჩხრეკის დროს დე-ფაქტო მილიციამ ხელყუმბარა ამოიღო, რომელსაც ის თითქოსდა საკუთარ საწოლში, ბალიშის ქვეშ ინახავდა. 

ვიდეოში, სადაც ირაკლი ბებუა სავარაუდოდ დე-ფაქტო ხელისუფლების სამართალდამცავ ორგანოებთან დაკითხვაზე იმყოფებოდა, დროშის დაწვას ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მას აფხაზებთან საწინააღმდეგო არაფერი აქვს და პირიქით, ის ამ ორი ხალხის მეგობრული ურთიერთობის მომხრეა და დროშაც სწორედ მათი დაყოფის მიმართ პროტესტის ნიშნად, სიმბოლურად, დაწვა. 

საოკუპაციო რეჟიმის სასამართლომ მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.


close დახურვა