პარტია საქართველოსთვის წევრი, კახაბერ ქემოკლიძე ამბობს, რომ თბილისის მერობის არჩევნების მეორე ტურში არც ერთ კანდიდატს არ დაუჭერს მხარს. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს ქართულმა ოცნებამ შეექმნა უდიდესი შესაძლებლობა იმის, რომ პრაქტიკულ დონეზე ნაციონალური მოძრაობა დააბრუნოს ხელისუფლებაში, რომელიც მიგვაჩნია, რომ არის გუშინწინდელი დღე, როგორც ქართული ოცნება არის გუშინდელი დღე. თქვენს კითხვაზე ვის დაუჭერთ მხარს, მარტივი ლოგიკური დასკვნა შეგიძლიათ გააკეთოთ, არც ერთს და არც მეორეს. ეს არის ჩემი სუბიექტური [აზრი]" , - თქვა ქემოკლიძემ.
გარდა ამისა, ქემოკლიძე ამბობს, რომ მათ ამომრჩეველს არ სჭირდება იმის მითითება, ვის უნდა დაუჭიროს მხარი.
"ის ელექტორალური სეგმენტი, ღრმა ანალიზის დონეზე რომ შევიდეთ, რომელმაც პარტია საქართველოს დაუჭირა მხარი, შინაარსობრივად კარგად ერკვევა არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაში. არ დასჭირდებათ ამ ადამიანებს რაიმე ტიპის მოწოდება, რომ ან ერთ მხარეს წავიდეს ან მეორე მხარეს წავიდეს", - თქვა მან.
ხმების თითქმის 100%-ის დათვლის შემდეგ, წინასწარი მონაცემებით, თბილისში მერობის არჩევნების მეორე ტური კახა კალაძესა (44,97%) და ნიკა მელიას (33,98%) შორის გაიმართება. მესამე ადგილზე ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია (9,35%) გავიდა.