logo
ENG



აშშ-ის საელჩო: ამომრჩევლები იმსახურებენ პროცესის სამართლიანობის უფრო მაღალ სტანდარტს

04 ოქტ 202108:47
3 წუთის საკითხავი
clock 3059
აშშ-ის საელჩო: ამომრჩევლები იმსახურებენ პროცესის სამართლიანობის უფრო მაღალ სტანდარტს

აშშ-ის საელჩო 2 ოქტომბერს ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებს აფასებს და ამბობს, რომ ქართველი ამომრჩეველი სამართლიანობის უფრო მაღალ სტანდარტს იმსახურებს.

აშშ-ის საელჩო აღნიშნავს, რომ ამომრჩევლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ძირითადად მშვიდ გარემოში მიეცათ ხმა 2 ოქტომბერს, თუმცა საარჩევნო პროცესი უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ არჩევნების დღე.

„აშშ იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ არჩევნები ტექნიკურად კარგად იყო ადმინისტრირებული, მაგრამ [საარჩევნო] გარემო დაზიანებული იყო ფართოდ გავრცელებული და განმეორებითი საჩივრებით დაშინების, ხმების მოსყიდვის, კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლის, მოქალაქე დამკვირვებლების პარტიის წარმომადგენლებად არასათანადო გამოყენების, არათანაბარი სამოქმედო პირობების შესახებ, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდშიც. მაშინ როცა ამომრჩევლებს ჰქონდათ შესაძლებლობა ძირითადად მშვიდ გარემოში მიეცათ ხმა 2 ოქტომბერს, საარჩევნო პროცესი უფრო მეტია ვიდრე მხოლოდ არჩევნების დღე", - აცხადებენ საელჩოში.

შტატების საელჩოს განცხადებაში, ასევე, საუბარია იმაზეც, რომ არსებობდა ცნობები ადმინსტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ, რაც არჩევნების სამართლიანობას  ეჭვქვეშ აყენებს.

საელჩოში აცხადებენ, რომ მსგავსი ფაქტები არ შეესაბამება საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს.

„სახელმწიფოსა და პარტიულ რესურსებს შორის წაშლილი ზღვარი ღრმად შემაშფოთებელია. ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენების შესახებ მნიშვნელოვანმა ცნობებმა წარმოშვა ეჭვი არჩევნების ზოგადი სამართლიანობის შესახებ. ბევრ ქალაქსა და სოფელში მასწავლებლების, სამართალდამცველებისა და საჯარო სექტორის თანამშრომლების მიმართ ზეწოლამ, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხელი შეუშალა მათ თავისუფალი არჩევანის გამოხატვაში არჩევნების დღეს. ასეთი ტიპის დარღვევებს ხშირად ჰქონია ადგილი საქართველოს არჩევნებში, რაც სრულად შეუთავსებელია საქართველოს ევროატლანტიკურ იდეალებთან. არსებობს სახიფათო რისკი, რომ ეს და სხვა განმეორებადი ხასიათის საარჩევნო დარღვევები გარდაუვალი გახდეს. საქართველოში ამომრჩევლები იმსახურებენ საარჩევნო პროცესის სამართლიანობის უფრო მაღალ სტანდარტს", - ნათქვამია განცხადებაში.

საელჩო მწუხარებას გამოთქვამს იმაზეც, რომ ხდება დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის კიდევ უფრო ღრმა პოლარიზაციაში შეყვანა. მათი განცხადებით, პარტიები პირად თავდასხმებზე უფრო მეტად არიან კონცენტრირებულნი, ვიდრე ამომრჩეველთა პრიორიტეტებზე.

„ვწუხვართ იმ ქმედებებზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უკვე დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის უფრო მეტად პოლარიზება და დესტაბილიზაცია, ასევე, ვწუხვართ, რომ პარტიები აქცენტს აკეთებენ პირად თავდასხმებზე და არა ამომრჩეველთა პრიორიტეტებზე. ასეთი ქმედებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ზოგიერთი პარტიის ერთგულებას პრინციპისადმი, რომ პოლიტიკური ლეგიტიმაციის მოპოვება ან დაკარგვა საარჩევნო ყუთთან უნდა ხდებოდეს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

საელჩო, ასევე, წუხილს გამოთქვამს, რომ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს დაკვირვების პროცესში ხელი ეშლებოდათ.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ქართულმა ოცნებამ მთელი საქართველოს მასშტაბით ხმების 46.68% აიღო, თბილისში - 40.33%. 

საქართველოს ხუთივე თვითმმართველ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში მეორე ტური იქნება. ცესკოს მონაცემებით, მეორე ტური ჯამში 20 ქალაქში გაიმართება

 

close დახურვა