logo
ENG



ევროპარლამენტარები: ბრალდებები ამომრჩევლის მოსყიდვასა და დაშინებაზე უნდა გამოიძიოთ

06 ოქტ 202100:07
3 წუთის საკითხავი
clock 1454

ევროპარლამენტარები მარინა კალიურანდი, სვენ მიქსერი და ვიონა ფონ კრამონი 2 ოქტომბრის არჩევნებზე საერთო განცხადებას ავრცელებენ, სადაც წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნების დღეს აფასებენ.

მათი თქმით, წინასაარჩევნო კამპანია პოლარიზებული იყო, ბრალდებები მოსყიდვასა და ზეწოლაზე კი საფუძვლიანად გამოსაძიებელია. 

"კამპანია ხასიათდებოდა პოლიტიკისა და მედიალანდშაფტის მძაფრი პოლარიზაციით, რამაც ზოგჯერ სიტყვიერი, ან ფიზიკური დაპირისპირებაც გამოიწვია. ძალიან ხშირად პერსონალური თავდასხმები ჭარბობდა პოლიტიკურ დებატებს, რითაც ამომრჩეველს არ ჰქონდა საშუალება, გაეკეთებინა ინფორმირებული არჩევანი.

ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების შემთხვევები, ისევე, როგორც ბრალდებები ამომრჩევლის მოსყიდვასა და კანდიდატების, ამომრჩევლისა და ჟურნალისტების დაშინებაზე საფუძვლიანად უნდა იქნას გამოძიებული".

ევროპარლამენტარები, ასევე აღიარებენ, რომ თვითმმართველობის არჩევნები პირველი ტური "კონკურენტული და კარგად ორგანიზებული" იყო, მიუხედავად იმისა, რომ "უკიდურესად პოლარიზებული" იყო პოლიტიკური გარემო:

"ამის მიუხედავად, წინასაარჩევნო გარემო არ უზრუნველყოფდა თანაბარ პირობებს კონკურენტი პარტიებისთვისა და კანდიდატებისთვის და მთავარი ყურადღება გადატანილი იყო ადგილობრივიდან ეროვნულ საკითხებზე.

ეს არჩევნები არსებითად გაუმჯობესებული საკანონმდებლო ჩარჩოს ქვეშ ჩატარდა, ამომრჩეველს საშუალება მიეცა სხვადასხვა პოლიტიკურ ალტერნატივებს შორის გაეკეთებინა არჩევანი.

არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო და კანდიდატებს საშუალება ჰქონდათ თავისუფლად ეწარმოებინათ კამპანია. არჩევნების დღე წარიმართა მოწესრიგებულად და გამჭვირვალედ, გარკვეული პროცედურული საკითხების მიუხედავად", - წერია განცხადებაში. 

ისინი მომდევნო არჩევნებისთვის საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესებისკენ მოუწოდებენ და მიუთითებენ, რომ ამ მხრივ, გასათვალისწინებელია ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. ასევე, მათივე აღნიშვნით, აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს ისიც, რომ პოლიტიკაში ქალთა არასაკმარისი წარმომადგენლობაა.

"არჩევნების მეორე ტურის წინ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს, დაასრულონ პირველი ტურის დროს დაფიქსირებული არასწორი ქმედებები.

ჩვენ მივმართავთ პოლიტიკურ კლასს, აჩვენონ პასუხისმგებლობა და სიმწიფე; ისინი საზოგადოებრივ ინტერესს პარტიულ ინტერესზე მაღლა უნდა აყენებდნენ, გადაფურცლონ კონფრონტაციის გვერდი და განახორციელონ აუცილებელი რეფორმები.

ევროპარლამენტი მზადაა გააგრძელოს თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან, მათ შორის დემოკრატიის მხარდაჭერის სრული სპექტრით, იმ პირობით, რომ ქართველი კოლეგებიც აჩვენებენ ამის სურვილს".

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ქართულმა ოცნებამ მთელი საქართველოს მასშტაბით ხმების 46.68% აიღო, თბილისში - 40.33%. 

საქართველოს ხუთივე თვითმმართველ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში მეორე ტური იქნება. ცესკოს მონაცემებით, მეორე ტური ჯამში 20 ქალაქში გაიმართება


close დახურვა