მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
"სხვა საშუალება ჩემ შვილთან მიშასთან კომუნიკაციისა მე ამ ეტაპზე არ გამაჩნია, იმედია სოციალური ქსელით მაინც გავაგონებ.
მიშა!!!! მოგმართავ,როგორც ექიმი და მამა. საქმე ეხება შიმშილობას,რომელიც არაფერ კარგს არ მოუტანს შენს ჯანმრთელობას,მხოლოდ ავნებს.
შენ დაუდექი ქვეყანას გვერდში და საჭიროა ხალხთან შენი ბოლომდე დგომა.
შემდგომი ენერგიული,შენებური,დაუღალავი მოქმედება. შიმშილობამ გარკვეულ ეტაპზე თავისი საქმე პროტესტისა გააკეთა.ეხლა კი საჭიროა ხალხთან ერთად შენი ენერგიის მობილიზება.
იცოდე შიმშილობა უკვე მტრის წისქვილზე ასხამს წყალს.გთხოვ შეწყვიტე ეს აქცია , მოიკრიფე ძალა და ენერგია შემდგომი ბრძოლისათვის.მიიღე გადაწყვეტილება.მალე შეხვედრამდე." - წერს სოციალურ ქსელში ნიკოლოზ სააკაშვილი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. მოგვიანებით ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ მთელი დღის განმავლობაში მმართველი გუნდი სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლას უარყოფდა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ უკრაინულ მხარესთან არიან კომუნიკაციაზე და მესამე პრეზიდენტს საზღვარი არ გადაუკვეთავს.
დაკავების შემდეგ ყოფილმა პრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო. ის ამბობს, რომ არ აპირებს შიმშილი შეწყვიტოს და აღნიშნავს, რომ ციხიდან ბრძოლის სხვა ფორმა შეზღუდული აქვს.
გუშინ, პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქეილ ბოტკოველი მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შევიდა და პატრიარქის თხოვნით შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა.
სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით სამი პირია დაკავებული. გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც მიგრანტის სახელმწიფო საზღვარზე უკანონო შემოყვანას და სათანადო პირობების შექმნას გულისხმობს.