logo
ENG



პროკურორი: სააკაშვილის სამართლებრივი დევნის დასაწყებად საკმარისი მტკიცებულება არსებობდა

10 ოქტ 202112:46
3 წუთის საკითხავი
clock 2973

საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის, ლაშა ცქვიტარიას თქმით, საერთაშორისო ექსპერტების დასკვნით, ვალერი გელაშვილის ცემის, გაფლანგვისა და ტელეიმედის საქმეებზე საერთაშორისო ექსპერტების დასკვნით, მტკიცებულებები საკმარის სტანდარტს ქმნიდა მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად. 

ლაშა ცქვიტარიას მიერ კვირის პალიტრისთვის მიცემული ინტერვიუს ფრაგმენტი ინტერპრესნიუსმა გამოაქვეყნა

​პროკურორის თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე ექსპერტების რანგში მოწვეულები იყვნენ აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის განყოფილების ყოფილი უფროსი პოლ კოფი, ისრაელის ყოფილი სახელმწიფო პროკურორი მოშე ლადორი და იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე სერ ჯეფრი ნაისი, რომელიც ჰააგის ტრიბუნალში იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის საქმეს უძღვებოდა და ასევე, დიდი ბრიტანეთის დედოფლის ადვოკატია.

ცქვიტარიას ინფორმაციით, სისხლისსამართლებრივ საქმეებში უცხოელი ექსპერტების ჩართვა განაპირობა მაღალმა საზოგადოებრივმა ინტერესმა როგორც ქვეყნის შიდა, ისე საერთაშორისო დონეზე.

პროკურატურისთვის, როგორც სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების ნეიტრალური გარანტისთვის, მნიშვნელოვანი იყო უდიდესი საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტების შეფასება მიმდინარე გამოძიების თაობაზე, მათი თვალით დანახული პერიპეტიები. საერთაშორისო ექსპერტების დასკვნები სამივე საქმეზე ცალ-ცალკე გაიცა.

მათი შეფასებითაც, სამივე სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები ქმნიდა მტკიცებულებათა საკმარის სტანდარტს მიხეილ სააკაშვილისა და სხვა პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად და, რაც მთავარია, საქმის სასამართლოში წარსადგენად. ექსპერტთა მიერ საქართველოში დაიგეგმა ­ არაერთი ვიზიტი. 2014-15 წლებში ხსენებული ექსპერტები დეტალურად გაეცნენ ყველა სისხლის სამართლის საქმის მასალას. ამ მასალებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით გასცეს ის დასკვნა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ". - ამბობს პროკურორი. 

მისივე თქმით, ექსპერტებმა შეისწავლეს როგორც მტკიცებულებები, ასევე, გააანალიზეს საქართველოს კანონმდებლობა და სწორედ ამაზე დაყრდნობით გასცეს რე

"ეს ბრალდებები იყო მტკიცებულებებით გაჯერებული, რათა საქმე სასამართლოში გაგრძელებულიყო. ასევე მნიშვნელოვანია დასკვნა, რაც გაფლანგვის ნაწილში წაყენებულ ბრალს ეხება, სადაც 9 მილიონზე ვსაუბრობთ. ამ ექსპერტებმა სააკაშვილის მიერ ჩამოყალიბებულ სქემას, შენიღბვის იმ გზას, რასაც ის საკუთარი კეთილდღეობისთვის მიმართავდა, კორუმპირებული და დანაშაულებრივი უწოდეს". - უთხრა ცქვიტარიამ კვირის პალიტრას

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები უცხოელი ექსპერტების დასკვნას ეჭვქვეშ აყენებენ და ამბობენ, რომ პროკურატურამ მათ გადაუხადა თანხა და ხელი გამზადებულ დოკუმენტზე მოაწერინა, ვინაიდან, დროის მცირე მონაკვეთში ისინი ვერ შეძლებდნენ ამ მასალების გაცნობას. 

"ესენი არიან ყოფილი პროკურორები, ყოფილი ადვოკატები. ეს არ არის ახალი ინფორმაცია, ჯერ კიდევ მაშინ, როცა მიშას წინააღმდეგ დევნა დაიწყეს, უთითებდნენ ამ დასკვნებზე. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ დასკვნებში არაფერია მიმოხილული. ის თავიდან ბოლომდე იმეორებს ბრალდების შესახებ პროკურატურის დადგენილებას. როცა ეს ექსპერტები მოიწვიეს, მათ მიერ ამ ე.წ დასკვნის გაცემამდე დროის ისეთი მოკლე მონაკვეთია, შეუძლებელია, გაცნობოდნენ ამდენ ტომ საქმეს. უბრალოდ დაახვედრეს დოკუმენტები, გადაუხადეს ფული და გააცემინეს დასკვნა". - ამბობს ადვოკატი ბექა ბასილაია. 

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე საქმეა აღძრული, ზოგ მათგანზე განაჩენი გამოტანილია, ზოგიერთზე - ჯერ არა. 

სანდრო გირგვლიანის საქმე - პროკურატურის მტკიცებით, ექსპრეზიდენტმა სამსახურებრივი უფლებამოსილებას გადაამეტა, როცა გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდადებული პირების შეიწყალა. ამ საქმეზე 2018 წლის 5 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ სააკაშვილს დაუსწრებლად მიუსაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, ყოფილ პრეზიდენტს აეკრძალა საჯარო სამსახურში მუშაობა 1 წლისა და 6 თვის ვადით. 

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ დამნაშავედ სცნო ვალერი გელაშვილის ცემის საქმეში.

სააკაშვილი ფიგურირებს 7 ნოემბრის და იმედში შეჭრის საქმეში. მას ბრალი 2014 წლის ივლისში წარუდგინეს, აგვისტოში კი წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს.

ახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმე (ე.წ. პიჯაკების საქმე) - პროკურატურის ვერსიით, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი. ამ საქმეზე პროკურატურამ სააკაშვილს ბრალი 2014 წელს წარუდგინა. სასამართლოში მისი განხილვა დასრულებული ჯერ არ არის. 

***

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. მოგვიანებით ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ მთელი დღის განმავლობაში მმართველი გუნდი სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლას უარყოფდა. 

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ უკრაინულ მხარეს ეკონტაქტებიან და მესამე პრეზიდენტს საზღვარი არ გადაუკვეთავს.

დაკავების შემდეგ ყოფილმა პრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო. ის ამბობს, რომ არ აპირებს შიმშილი შეწყვიტოს და აღნიშნავს, რომ ციხიდან ბრძოლის სხვა ფორმა შეზღუდული აქვს. 

თუმცა, პენიტენციური სამსახურის თქმით, ექსპრეზიდენტმა უკვე მიიღო რამდენიმე ქილა თაფლი და წვენი. 

7 ოქტომბერს პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქეილ ბოტკოველი მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შევიდა და პატრიარქის თხოვნით შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რაზეც ექსპრეზიდენტმა უარი განაცხადა.

სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით სამი პირია დაკავებული. გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც მიგრანტის სახელმწიფო საზღვარზე უკანონო შემოყვანას და სათანადო პირობების შექმნას გულისხმობს.


close დახურვა