logo
ENG



წულუკიანი სააკაშვილზე: ჯანმრთელობის გაუარესების რისკი არ არის, სისტემა მოწოდების სიმაღლეზეა

13 ოქტ 202114:19
3 წუთის საკითხავი
clock 445
წულუკიანი სააკაშვილზე: ჯანმრთელობის გაუარესების რისკი არ არის, სისტემა მოწოდების სიმაღლეზეა

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ან გარდაცვალების რისკი არ არსებობს. როგორც მინისტრი ამბობს, სისტემა გამართულად მუშაობს.

"არავითარი ჯანმრთელობის გაუარესების რეალური რისკი სააკაშვილის შემთხვევაში არ არსებობს, მით უმეტეს, არ არსებობს, ღმერთმა დაგვიფაროს, მისი გარდაცვალების რისკი. რისკი არ არსებობს, იმიტომ, რომ სისტემა არის მოწოდების სიმაღლეზე. შესაბამისად, ოჯახი ნერვიულობს, ეს ბუნებრივია და სხვაგვარად ვერ იქნება. თანამებრძოლები ნერვიულობენ, ეს ბუნებრივია და სხვაგვარად ვერ იქნება, მაგრამ მეორე მხარეს სახეზეა დანაშაული, სახეზეა დამნაშავე, რომელმაც უნდა მოიხადოს სასჯელი, ეს სასჯელი არის რამდენიმეწლიანი და, რა თქმა უნდა, ის წლები, რომელსაც ის გაატარებს ქართულ საპატიმროში, მისი ჯანმრთელობა იქნება ზედმიწევნით დაცული.

ერთ საიდუმლოსაც გეტყვით, როდესაც პატიმარი შიმშილობს, ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, რაც მეტია ამ შიმშილობის გარეშემო აურზაური, მით უფრო ფერხდება გადაწყვეტილების მიღება პატიმრის მხრიდან, რომ განაახლოს კვება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ის მე-13 დღეა ციხეში შიმშილობს.

მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
უფლებადამცველებმა ის ციხეში მოინახულეს, გამოსვლის შემდეგ კი თქვეს, რომ სააკაშვილს გადაადგილებასა და მეტყველებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, ასევე დაუსივდა ფეხებიც.


close დახურვა