logo
ENG



ზარქუა გალერის განცხადებაზე: ბევრი ევროპარლამენტარია, რომელიც ჩემი აზრით, უღირისია

13 ოქტ 202114:18
3 წუთის საკითხავი
clock 1627
ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ბევრი ევროპარლამენტარია, რომელიც "უღირისია". ამით იგი გამოეხმაურა ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის ინტერვიუს ამერიკის ხმასთან, სადაც მან მოსმენებთან და სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ხელისუფლება გააკრიტიკა. 

"უცხო ქვეყნის მოქალაქე როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებს, ეს არის სხვა, მეორე ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. ეს თუ არ ვცდები, სახალხო პარტიის [EPP] თავმჯდომარეა, რომლის წევრიცაა ენმ. ჩვენთვის საინტერესოა იმ ადამიანების აზრი, რომლებიც ქვეყნის მეგობრები არიან და არა ნაციონალური მოძრაობის. ბევრი ევროპარლამენტარია, რომელიც ჩემის აზრით, უღირისია", - თქვა ირაკლი ზარქუამ. 

ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერმა ინტერვიუში აღნიშნა ისიც, რომ საქართველოში არამხოლოდ დიპლომატებს, არამედ, მათთან საუბარში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც თქვა, რომ უსმენენ. მისივე თქმით, "ფუნქციონირებად დემოკრატიულ ქვეყანაში შესაბამისი მინისტრი აიღებდა პასუხისმგებლობას".

"ეს ძალიან შემაშფოთებელია. არამარტო ჩვენს მეგობრებს, ევროკავშირისა და გერმანიის ელჩს, არამედ, პრეზიდენტმაც გვითხრა რომ მასაც უსმენენ. მთავრობა იმაზე კი არ უნდა ფოკუსირდებოდეს ვინ გაავრცელა ეს ინფორმაცია, არამედ შეისწავლოს ვინ გასცა ბრძანება იმის რაც უკანონოა. 

ეს აჩვენებს, რომ არიან სტრუქტურები, რომლებიც კონტროლს არ ექვემდებარებიან. ფუნქციონირებად დემოკრატიულ ქვეყანაში ვიხილავდით, რომ შესაბამისი მინისტრი აიღებდა პასუხისმგებლობას და გადადგებოდა, თუმცა, ალბათ, ის თავად იყო ის, ვინც მოსმენების ბრძანება გასცა. არ ვაპირებ სპეკულაციას. საჭიროა ფოკუსირება იმაზე, თუ ვინაა ამ აღმაშფოთებელი მოსმენების უკან. თუ შემთხვევით, ეს არაა რომელიმე აქტიური პოლიტიკოსი, არამედ ბატონი ივანიშვილია, ეს ასევე აღმაშფოთებელია. შემიძლია ჩამოვთვალო ისინი, ვისზეც ეჭვია, თუმცა მე არ ვიცი ვინ გააკეთა ეს. ეს უნდა იყოს გამოძიებული და ამ ადამიანმა პასუხი უნდა აგოს", - თქვა მან. 

გალერმა, ასევე ისაუბრა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე და თქვა, რომ მისი აზრით, პოლიტიკური დაპირისპირება პოლიტიკურად უნდა წყდებოდეს. 

"ჩვენთვის, ევროკავშირისა და ევროპარლამენტისთვის მთავარი ფოკუსი 19 აპრილის შეთანხმების შესრულებაა და ეს არ ეხება 43%-ს, არამედ ეხება სასამართლო რეფორმას. მე ვფიქრობ, რომ შეთანხმება ყველამ უნდა შეასრულოს. მიხეილ სააკაშვილის საქმის მიღმა, მე ვისურვებდი, მსგავსი პოლიტიკური საქმეები პოლიტიკურად წყდებოდეს და არ გადადიოდეს სასამართლო სფეროში.ეს გვინახავს იანუკოვიჩის დროს, ტომოშენკოს შემთხვევაში. მე ვფიქრობ, პოლიტიკური დაპირისპირება პოლიტიკურად უნდა გადაიჭრას", - ამბობს ევროპარლამენტარი. 


close დახურვა