logo
ENG



ლომჯარია ციხეში ხანძარზე: სავარაუდოდ, ცეცხლი გაჩნდა ჭერში, შეიძლება ეს იყო სადენებისგან

15 ოქტ 202117:01
3 წუთის საკითხავი
clock 731
ლომჯარია ციხეში ხანძარზე: სავარაუდოდ, ცეცხლი გაჩნდა ჭერში, შეიძლება ეს იყო სადენებისგან

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსთავის N17 ციხეში იმყოფებოდა, სადაც გუშინ, ხანძრის შედეგად ორი პატიმარი გარდაიცვალა.

მან პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ხანძრის მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, ცეცხლი, სავარაუდოდ, ჭერში გაჩნდა.

"გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მაგრამ მე როგორც მითხრეს, ეს არ გაჩენილა გაზქურიდან, სავარაუდოდ, ცეცხლი გაჩნდა ჭერში და შესაძლებელია ეს ყოფილიყო დენის სადენებისგან", - თქვა ლომჯარიამ.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის აპარატი დაინტერესდება, რამდენად იცავენ ციხეებში სახანძრო უსაფრთხოების წესებს.

"როგორც ჩანს, იყო დაბნეულობა. ვფიქრობ, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა დაცული სახანძრო უსაფრთხოების წესები  და რეაგირება სწორად განხორციელებული. მე რასაც ვხედავთ, თვითონ მშენებლობის დროსაც, რამდენად იყო სახანძრო უსაფრთხოება დაცული... ძალიან სწრაფად გავრცელდა და ძალიან მომწამვლელი კვამლი იყო. ზოგადად ჩვენ დავინტერესდებით, არის თუ არა სახანძრო უსაფრთხოების წესები ციხეში", - აღნიშნა მან.

ომბუსმენის შეფასებით, ყველაზე პრობლემატური სახანძრო უსაფრთხოების წესები და რეაგირების საკითხია. ლომჯარიას თქმით, ციხის ადმინისტრაციას ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს იმაზე, თუ როგორ იმოქმედონ ხანძრის დროს.

"ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს ციხის ადმინისტრაციას და შესაბამის პირებს, როგორ იმოქმედონ სახანძრო განგაშის შემთხვევაში. როგორც ჩანს, ეს რეგულაციები არ არის ნათელი. როგორც ჩანს, მშენებლობის დროსაც არ იყო დაცული ეს წესები იმიტომ, რომ ციხეა, ყველგან გისოსია და ადამიანი უბრალოდ ვერ გამოვა შენობიდან თუ სწრაფად გავრცელდა ცეცხლი", - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

რუსთავის მე-17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაჩენილი ​ხანძრის შედეგად ორი პატიმარი გარდაიცვალა.

ასევე კვამლის ინტოქსიკაციის შედეგად მსუბუქად დაშავდა კომპანია ,,ილი ჯგუფის“ (პენიტენციური სამსახურის კვებითი მომსახურების კომპანია) რამდენიმე თანამშრომელიც. 

აღსანიშნავია, რომ პატიმრების გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გუშინვე გავრცელდა, თუმცა მთელი ღამის განმავლობაში უწყება ამ ინფორმაციას არ ადასტურებდა. ხანძართან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო. 

გუშინ, 14 ოქტომბერს, რუსთავის სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში ხანძარი 14:20 საათზე, სამზარეულოში გაჩნდა. სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ის ციხე, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმყოფება. ის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია.


close დახურვა