logo
ENG



ოპოზიცია ჩრდილოვან კაბინეტზე მუშაობს - ნახეთ სავარაუდო წევრები

17 ოქტ 202114:27
3 წუთის საკითხავი
clock 4035

ნაციონალური მოძრაობა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში ჩრდილოვან კაბინეტს წარადგენს. ჯამში 25 პოზიციაზე განიხილება ოპოზიციის წევრების კანდიდატურები.

ამ დრომდე მიმდინარეობს გადაწყვეტილებების შეჯერება 10 გამგებლის პოზიციაზეც.

ცნობილია, რომ ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში, ვიცე-მერის პოზიციაზე განიხილება 3 კანდიდატი: ანა ბიბილაშვილი და დეა მეტრეველი ლელოდან და ცოტნე კობერიძე - პარტიიდან გირჩი - მეტი თავისუფლება.

საკრებულოს თავმჯდომარედ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატად ელენე ხოშტარია რჩება.

ფორმულასთვის ცნობილია, რომ ანტიკორუფციული სამსახურის უფროსად განიხილება გიორგი ნონიაშვილის კანდიდატურა ევროპული საქართველოდან, ხოლო ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის უფროსად სერგო ჩიხლაძე - სტრატეგია აღმაშენებლიდან.

ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ ყველა პოზიციაზე კანდიდატები შეირჩევიან კვალიფიკაციის მიხედვით.

"ჩრდილოვან კაბინეტში წარმოდგენილი იქნება აბსოლუტურად ყველა ის პარტია, ვინც იზიარებს რომ მხოლოდ ერთობით და ერთიანობით შეგვიძლია ამ რეჟიმის დასრულება და შემდგომ უკვე კოალიციურად ამ ქალაქის და შემდეგ ქვეყნის მართვა. ყველა სამსახურის უფროსი, მერის მოადგილეები, გამგებლები სსიპ-ები თუ ა(ა)იპ-ები პროფესიონალიზმის ნიშნით იქნებ შერჩეულნი და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ რომ მაქსიმალურად ბევრი პარტიის ჩართულობა იყოს ამ პროცესში", - თქვა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ბაჩო დოლიძემ.

ჩრდილოვანი კაბინეტის წარდგენა 18 ოქტომბერს იყო დაგეგმილი. წარდგენის სავარაუდო თარიღად ახლა 20 ოქტომბერი განიხილება, თუმცა პრეზენტაცია რამდენიმე დღით შეიძლება გადაიდოს.

"ეს მცირე მოდელია, როგორ შეგვიძლია კოალიციურად ვმართოთ ქვეყანა და როგორ შეგვიძლია ჩვენ პოლიტიკა გადავიყვანოთ კოალიციურ მმართველობაზე "- აცხადებს, პარტია ლელოს წევრი და ვიცე მერობის ერთ-ერთმა კანდიდატი, ანა ბიბილაშვილი.

30 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 20 ქალაქსა და 42 ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება.

თბილისის მერობისთვის მეორე ტურში ქართული ოცნების კანდიდატი კახა კალაძე და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ნიკა მელია იბრძოლებენ.


close დახურვა