პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებთ გავრცელებულ ევროპარლამენტარების წერილზე ამბობს, რომ "არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის".
ჟურნალისტებთან საუბრისას მან თქვა, რომ ევროპარლამენტარების განცხადებებთან დაკავშირებით სპეკულირება მიმდინარეობს, რომ "ვიღაც ევროპარლამენტარი გამოდის ბრძნული სახით და გვაძლევს ბრძნულ რჩევებს".
"მუდმივი სპეკულირება მიმდინარეობს იმის თაობაზე, რომ ვიღაც ევროპარლამენტარი გამოდის ბრძნული სახით და გვაძლევს ბრძნულ რჩევებს. ერთ რამეს ვეტყვი ყველას, ამ სიაში, მე არ მინახავს, მაგრამ რაც მომიყვნენ, ბევრი ქართული გვარიც აღმოვაჩინე, როდის გახდნენ ქართველები ევროპარლამენტარები მე არ ვიცი, მაგრამ მინდა ერთი რამ გითხრათ, რომ კანონის აღსრულებას და სიმართლის და სამართლის აღსრულებას ჩვენს ქვეყანაში ვერავინ ვერ აღუდგება წინ", - თქვა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, "რამდენი ევროპარლამენტარიც არ უნდა გამოვიდეს, პროცესი სრულად გამჭვირვალეა".
"ჩვენთან არის უზრუნველყოფილი კანონის უზენაესობა, შესაბამისად ყველასთვის უნდა იყოს ცხადი. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის, ჩვენთვის მთავარია, ჩვენი ხალხი რას იტყვის. სააკაშვილი წარსდგა მართლმსაჯულების წინაშე, მას ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი, ეს დადგენილია პროკურატურის და სასამართლოს ყველა ინსტანციის მიერ და სამართლის აღსრულებას წინ ვერავინ ვერ აღუდგება", - თქვა ღარიბაშვილმა.
ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ ევროპარლამენტარების წერილი ფორმულამ ექსკლუზიურად 14 ოქტომბერს გაავრცელა. წერილს 72 ხელმომწერი ჰყავს. ევროპარლამენტარებთან ერთად, მათ შორის არიან ლიეტუვის სეიმის წევრები, ყოფილი პრეზიდენტები, ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები.
ისინი აცხადებენ, რომ სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეწყდეს მანამ, სანამ ის არ წარსდგება სამართლიანი სასამართლო პროცესის წინაშე.
მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს, ის მე-19 დღეა შიმშილობს.