logo
ENG



კალაძის თქმით, თბილისში სოც.დაუცველ პენსიონერებს მედიკამენტებისთვის ვაუჩერებს მისცემენ

20 ოქტ 202111:58
3 წუთის საკითხავი
clock 1117

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, სოციალურად დაუცველი პენსიონერები მედიკამენტებისთვის 500-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ. აღნიშნული ინიციატივის შესახებ კალაძემ მერობის არჩევნების მეორე ტურამდე 10 დღით ადრე ისაუბრა.

როგორც კალაძემ მთავრობის სხდომაზე განმარტა, ახალი პროგრამა 40 ათას პენსიონერს შეეხება.

"რაც შეხება ახალ პროგრამას, სოციალურად დაუცველ პენსიონერებს 500-ლარიანი ვაუჩერები გადაეცემათ იმისთვის, რომ ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული სხვადასხვა მედიკამენტი (გულ-სისხლძარღვთა, გამაყუჩებელი, ქრონიკული ავადმყოფობების სამკურნალო და ა.შ.) შეიძინონ. პროგრამისთვის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 20 მილიონი ლარი გამოიყოფა", - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერი ამბობს, რომ 2022 წლიდან ის ოჯახები, რომელთაც უსახლკაროს სტატუსი აქვთ მინიჭებული, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან.

"ჩვენ ქალაქში, დაახლოებით, 400 უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახი ცხოვრობს. მომავალი წლიდან არცერთი თბილისელი ბინის გარეშე არ დარჩება. პოლიტიკამ იმდენად შეჭამა სოციალური საკითხები, ბევრ ადამიანს ეს პრობლემა არც კი ახსოვს. მე ვალდებული ვარ, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ ჩვენ უკვე საბინაო ფონდის შექმნა დავიწყეთ და 2022 წლიდან ამ პროგრამის განხორციელებას დავიწყებთ", - აღნიშნა კახა კალაძემ.


close დახურვა