logo
ENG



პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის ბრალს წარუდგენს

20 ოქტ 202117:07
3 წუთის საკითხავი
clock 3345

დაკავებიდან 20 დღის შემდეგ საქართველოს მთავარმა პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის ბრალს წარუდგენს. 

ამასთან, პროკურატურამ, საზღვრის უკანონოდ კვეთისას მიხეილ სააკაშვილის დახმარებისთვის ბრალი დაუმძიმა ელგუჯა ცომაიას, ხოლო ექსპრეზიდენტის საქმეზე დაკავებულ მეოთხე ადამიანს, გიორგი ნარიმანიძეს, რომელიც სამართალდამცველებმა 19 ოქტომბერს დააკავეს, ბრალი მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის წარუდგინა.

სააკაშვილის დახმარებისთვის, დანაშაულის დაფარვის მუხლით, დაკავებულები არიან მამა-შვილი წოწორიები

პროკურატურამ ასევე განმარტა, როგორ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი მიხეილ სააკაშვილმა და როგორი იყო მისი მარშრუტი: 

უწყების ცნობით, 28 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, უკრაინიდან, კერძოდ, ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შემოვიდა გემი, სახელწოდებით ვილნიუსი. აღნიშნული გემიდან 29 სექტემბერს, 01:04 საათზე ჩამოვიდა შპს IKA TRANS-ის საკუთრებაში არსებული SCANIA-ს ფირმის, ელგუჯა ცომაიას მფლობელობაში არსებული მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება - ტრაილერი, რომელიც დატვირთული იყო რძის პროდუქტებით.

ეს  ტრაილერი ჯერ ხიდზე შეჩერდა, რის შემდეგაც ელგუჯა ცომაიამ რეგისტრაციამდე ტრაილერი მოსაცდელ ადგილზე გააჩერა, საიდანაც 01:44 საათზე დაიძრა გასასვლელისკენ.

უწყების ცნობით, რამდენიმე ათეული მეტრის გავლის შემდეგ, 01:47:27 საათზე, ფოთის პორტის ტერიტორიაზე ელგუჯა ცომაიამ გააჩერა სატვირთო ავტომანქანა და მივიდა ავტომანქანის მისაბმელის უკანა კართან,  საიდანაც 01:49:37 საათზე ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მარჯვენა მხრიდან სატვირთო ავტომანქანის კაბინაში ჩაჯდა.

პროკურატურა აცხადებს, რომ ამ ქმედებით, მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო კონტროლის გვერდის ავლით, ელგუჯა ცომაიას დახმარებით უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.  
    
საგამოძიებო უწყებისვე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ზემოაღნიშნულ მისაბმელში ყოფნა, სადაც განთავსებული იყო რძის პროდუქტები, დადასტურებულია მისი კუთვნილი ტელეფონიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერებით და ვიდეო ექსპერტიზით.

აღნიშნულის შემდეგ, 01:50:52 საათზე ელგუჯა ცომაიამ ნელი სვლით და ჩართული საავარიო შუქსიგნალიზაციით გააგრძელა გზა გასასვლელისკენ, თუმცა 01:53:06 საათზე კიდევ შეჩერდა გზაში, გადავიდა ტრაილერის უკანა კართან, შეამოწმა სწორად ჰქონდა თუ არა დაკეტილი კარი, დაბრუნდა სატვირთო ავტომანქანის საჭესთან და გააგრძელა გზა.

"ტრაილერი 02:08:30 საათზე მივიდა გეზთან, სადაც ელოდებოდნენ შალვა და ზურაბ წოწორიები მათი მერსედესის მარკის ავტომანქანით.

02:15 საათიდან 02:20 საათამდე პერიოდში მიხეილ სააკაშვილი გადაჯდა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში, ხოლო ე.ც.-მ ტრაილერი დააყენა გეზის ტერიტორიაზე. 03:13:35 საათზე ე.ც. ფეხით გავიდა გეზის ტერიტორიდან და ჩაჯდა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ მიხეილ სააკაშვილი, შ.წ., ზ.წ. და წავიდნენ აბაშის მიმართულებით. იმავე დღეს, დაახლოებით 04:03 საათზე, ისინი ჩავიდნენ აბაშის რაიონის სოფელ ტყვირში, ელგუჯა ცომაიას საცხოვრებელ სახლში.

29 სექტემბერს, დღის საათებში, ელგუჯა დაუკავშირდა მის მეგობარს გიორგი ნარიმანიძეს და სთხოვა ფოთში, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში მისი ავტომანქანის ვეტშემოწმებაში დახმარება. გიორგი ნარიმანიძე რეგისტრაციის გავლის შემდეგ, 29 სექტემბერს, 16:43 საათიდან 17:50 საათამდე დროის პერიოდში, ფოთი-ხობი-სენაკის გავლით გადაადგილდა აბაშის მიმართულებით და გაჩერდა. პარალელურად, ელგუჯა ცომაია და მიხეილ სააკაშვილი თეთრი ფერის FORD TRANSIT-ის მოდელის მიკროავტობუსით, 18:34 საათიდან 20:51 საათამდე დროის პერიოდში, აბაშის რაიონის სოფელ ტყვირიდან ლანჩხუთი-ფოთი-ოზურგეთი-ქობულეთის გავლით გაემართნენ ბათუმის მიმართულებით, ხოლო იმავე ტრანსპორტით ბათუმიდან აბაშის მიმართულებით დაბრუნდნენ 20:35 საათიდან 22:48 საათამდე დროის პერიოდში.

29 სექტემბერს, 22:48 საათიდან 23:04 საათამდე პერიოდში მიხეილ სააკაშვილი და ე.ც. გადასხდნენ სოფელ ტყვირის ტერიტორიაზე გაჩერებულ SCANIA-ს ფირმის მისაბმელიან სატრანსპორტო საშუალებაში, სადაც ასევე იმყოფებოდა გ.ნ. და დაიწყეს მოძრაობა თბილისის მიმართულებით. ზემოაღნიშნული პირები თერჯოლა-არგვეთა-ზესტაფონი-სურამი-ხაშური-გორი-მცხეთის გავლით გადაადგილდნენ თბილისის მიმართულებით და ქ.თბილისში, ერწოს ქუჩაზე მდებარე ე.ც.-ს საცხოვრებელ ბინასთან დაახლოებით 04:25-04:30 საათზე მივიდნენ. ე.ც.-ს საცხოვრებელ ბინასთან აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ჩამოვიდნენ მიხეილ სააკაშვილი და ე.ც., რომლებიც დაბინავდნენ საცხოვრებელ ბინაში, ხოლო გ.ნ.-მ გააგრძელა გზა და დაახლოებით 05:24 საათიდან 05:28 საათამდე პერიოდში, კახეთის გზატკეცილის გავლით მივიდა თბილისის გეზ-ში, სადაც გადმოცალა ტრაილერიდან დატვირთული პროდუქტები და 14:39 საათზე ავტომანქანა გააჩერა თბილისში, ო.ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე ტრაილერების სადგომზე. სამართალდამცავებმა მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში, ე.ც. საცხოვრებელ ბინაში დააკავეს". 

პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის და გადაადგილების ზუსტი მარშრუტი, შესწავლილ იქნა 112-ის და კერძო კომპანიების სათვალთვალო კამერების ასეულობით ვიდეო ჩანაწერი. მათზე დანიშნულია ექსპერტიზა. 

ექსპერტიზა დანიშნულია ელგუჯა ცომაიას სატვირთო მანქანაზეც. 

უწყების თქმით, გამოიკითხა 69 ადამიანი, ჩატარდა ჩხრკები და სხვა საგამოძიებო მოქმედებები. 

გარდა საზღვრის უკანონო კვეთისა, რომელზეც ბრალს ექსპრეზიდენტს დღეს, 20 ოქტომბერს წარუდგენენ, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე საქმეა აღძრული, ზოგ მათგანზე განაჩენი გამოტანილია, ზოგიერთზე - ჯერ არა. 

სანდრო გირგვლიანის საქმე - პროკურატურის მტკიცებით, ექსპრეზიდენტმა სამსახურებრივი უფლებამოსილებას გადაამეტა, როცა გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდადებული პირების შეიწყალა. ამ საქმეზე 2018 წლის 5 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ სააკაშვილს დაუსწრებლად მიუსაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, ყოფილ პრეზიდენტს აეკრძალა საჯარო სამსახურში მუშაობა 1 წლისა და 6 თვის ვადით. 

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ დამნაშავედ სცნო ალერი გელაშვილის ცემის საქმეში.

სააკაშვილი ფიგურირებს 7 ნოემბრის და იმედში შეჭრის საქმეში. მას ბრალი 2014 წლის ივლისში წარუდგინეს, აგვისტოში კი წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს.

სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმე (ე.წ. პიჯაკების საქმე) - პროკურატურის ვერსიით, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი. ამ საქმეზე პროკურატურამ სააკაშვილს ბრალი 2014 წელს წარუდგინა. სასამართლოში მისი განხილვა დასრულებული ჯერ არ არის. 

დაკავების დღიდან მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და უკვე 20 დღეა, საკვები არ მიუღია. 


close დახურვა